პოზნერის ვიზიტი

ღარიბაშვილი პოზნერის ვიზიტზე: ამით ისარგებლეს ნაცებმა, მათი მიზანია დესტრუქცია და საბოტაჟი

პოზნერის ვიზიტის გამო ჩვენი მოქალაქეების ერთ-ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ, ნაციონალურმა მოძრაობამ და მოვლენები თავიანთი დღის წესრიგის ფარგლებში მოაქციეს. ამჯერადაც, ნაციონალური მოძრაობის, კერძოდ სააკაშვილის მიზანია, რა თქმა უნდა, დესტრუქცია და საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვა.

ამჯერადაც ეს გააკეთეს იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ იხსნება ტურისტებისთვის. მოგეხსნებათ, ამ ვითარებაში რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ტურისტების შემოსვლას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ტურისტული სექტორისთვის, ზოგადად ეკონომიკის აღორძინებისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. 

ყოვლად დაუშვებელი იყო ნაცმოძრაობის ლიდერების და მათი ჯგუფების პროტესტის ეს ფორმა, რაც აშკარად ცდება ცივილიზებულ ნორმებს და ქართულ სტანდარტებს.  კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩამოყალიბდა აბსოლუტურად დეგრადირებულ და რადიკალურ ჯგუფად, რომელთანათაც ცივილიზებული დიალოგი შეუძლებელია.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ პოზნერისა და მისი მეგობრების საქართველოში ვიზიტზე. 

პოზნერი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, რასაც სტიქიური სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა და მას მოსკოვში დაბრუნება რამდენიმე საათში, დაგეგმილზე ადრე მოუწია. 

    კომენტარები