კორონავირუსი

Pfizer-ის კვლევა: ვაქცინა 12-დან 15 წლამდე ბავშვებში 100%-ით ეფექტიანი და უსაფრთხოა

Pfizer/BioNTech-ის განცხადებით, ცდის მესამე ფაზის შედეგით, მათი ვაქცინა 100%-ით ეფექტიანი და უსაფრთხოა 12-დან 15 წლამდე ბავშვებში.

ცდაში 2 260 12-დან 15 წლამდე ბავშვი იღებდა მონაწილეობას. კომპანიისვე განცხადებით, ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან ერთი თვის შემდეგ ვაქცინა წარმოქმნის ძლიერ საპასუხო ანტისხეულებს.

ცდის შემდეგ 18 ბავშვს დაემართა კორონავირუსი, ოღონდ ისინი იყვნენ იმ 1129-კაციან ჯგუფში, რომლებსაც პლაცებო გაუკეთეს. ხოლო, ვისაც Pfizer-ის ვაქცინა გაუკეთეს, კორონავირუსი არავის დამართნია. 

კომპანიაში განაცხადეს, რომ გვერდითი მოვლენები იყო 16-დან 25-წლამდე ასაკობრივი ჯგუფის მსგავსი. 16-დან 25 წლამდე ასაკის პირების კვლევის დროს, მათ ვაქცინა კარგად გადაიტანეს, მსუბუქი და საშუალო გვერდითი მოვლენებით, როგორიცაა თავის ტკივილი, სიცხე, დაღლილობა და სხეულზე აცრის ადგილას ტკივილი. 

Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბორლას თქმით, კომპანია გეგმავს უახლოეს კვირებში კლინიკური კვლევის მონაცემები წარადგინოს FDA-სთვის გადაუდებელი გამოყენების ნებართვის მისაღებად. იმედოვნებენ, რომ აშშ-ში მოზარდების აცრა შემდეგი სასწავლო წლის დასაწყისამდე დაიწყება. 

Pfizer-ის ვაქცინა უკვე დაშვებულია 16 წლის ასაკისა და უფროსი ადამიანებისთვის.

კომენტარები