იტალია

მაფიის წევრი YOUTUBE-ზე კულინარიულ ვიდეოებს დებდა, პოლიციამ ის ამოიცნო და დაიჭირა

იტალიის პოლიცია 'Ndrangheta-ს დაჯგუფების სასამართლო პროცესზე
Getty Images

მაფიის წევრი, რომელიც მართლმსაჯულებას 7 წელი ემალებოდა, პოლიციამ მას შემდეგ დაიჭირა, რაც მან YouTube-ზე კულინარიული ვიდეოების დადება დაიწყო.

53 წლის მარკ ფერენ კლოდ ბიარტი თავის ვიდეოებში სახეს მალავდა, თუმცა ვიდეოებში ჩანდა მისი ტატუები, რისი საშუალებითაც ბიარტი ამოიცნეს. ის დომინიკის რესპუბლიკაში დააკავეს და იტალიაში მისი ექსტრადირება მოხდა.

პოლიციის თანახმად, ბიარტი ქალაქ ბოკა ჩიკაში მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობდა. მართლმსაჯულებას ის 2014 წლის შემდეგ ემალება. მას ბრალი ედება ნიდერლანდებში კოკაინის ტრეფიკინგში. პოლიცის თანახმად, ის Cacciola-ს კლანისთვის მუშაობდა, რომელიც 'Ndrangheta-ს მაფიოზური ჯგუფის ნაწილია.

'Ndrangheta მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფად მიიჩნევა. ჯგუფი ევროპაში კოკაინის ტრეფიკინგს თითქმის მთლიანად აკონტოლებს. ჯგუფის ლიდერის, ლუიჯი მანკუსოსა და 335 წევრის წინააღმდეგ იტალიაში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებების ჩამონათვალშია მკვლელობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა, გამოძალვა და ფულის გათეთრება. სასამართლო პროცესზე 900-ზე მეტი მოწმე წარდგება ჩვენებით. პროცესი 2021 წლის იანვარში დაიწყო და ორი წელი გაგრძელდება.

კომენტარები