სლოვაკეთი

სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რუსული ვაქცინის ფარული შესყიდვის გამო თანამდებობას ტოვებს

იგორ მატოვიჩი

სლოვაკეთის პრემიერმინისტრი იგორ მატოვიჩი თანამდებობას ტოვებს. მის ნაცვლად პოსტზე პრეზიდენტი ფინანსთა მინისტრ ედუარდ ჰეგერს დანიშნავს. თავის მხრივ, ჰეგერის თანამდებობაზე მატოვიჩი გადავა.

სამთავრობო პოზიციების გაცლის წინადადება თავად მატოვიჩმა კვირას, 28 მარტს წამოაყენა. ამის მიზეზი რუსული ვაქცინის შესყიდვისთვის ფარულად გაფორმებული შეთანხმება გახდა, რომელმაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. მატოვიჩის გადადგომა კრიზისის განმუხტვას ემსახურება.

რუსული ვაქცინის 2 მილიონი დოზის შესყიდვისთვის ფარული შეთანხმების შესახებ ცნობილი სამი კვირის წინ გახდა. სლოვაკეთი ევროკავშირის წევრია, ხოლო ევროკავშირის მარეგულირებელს რუსული ვაქცინა გამოყენებისთვის ჯერ არ დაუმტკიცებია.

მატოვიჩის კოალიციურ მთავრობაში ორმა პარტიამ, თავისუფლება და სოლიდარობა და ხალხისთვის, კოალიციის შენარჩუნების წინაპირობად პრემიერმინისტრის გადადგომა მოითხოვა.

გადადგომას იგორ მატოვიჩი იმ პირობით დათანხმდა, რომ თანამდებობებს დატოვებდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე რიჩარდ სულიკი, რომელიც თავისუფლების და სოლიდარობის წევრია, და იუსტიციის მინისტრი მარია კოლიკოვა, რომელიც პარტია ხალხისთვის წევრია. სულიკი და კოლიკოვა პრემიერმინისტრის პირობას დასთანხმდნენ და თანამდებობები დატოვეს.

რუსული ვაქცინის შესყიდვის საჭიროება იგორ მატოვიჩმა ქვეყანაში ვაქცინაციის დაჩქარების საჭიროებით ახსნა.

ევროკავშირის ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში სლოვაკეთში ვაქცინაცია 26 დეკემბერს დაიწყო. ამ დროისთვის ქვეყანაში 899 660 დოზა ვაქცინა გამოიყენეს. იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ადამიანის ასაცრელად ვაქცინის ორი დოზაა საჭირო, ამ დროისთვის ქვეყნის 8.2% აიცრა.

პანდემიის დაწყების შემდეგ სლოვაკეთში კორონავირუსის 358 115 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 9 542 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 255 300. ამჟამად ქვეყანაში ინფექციის 93 273 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები