მიანმარი

აშშ-მ და ევროკავშირმა მიანმარის სამხედრო ლიდერებს სანქციები დაუწესეს

The Guardian

ევროკავშირმა და აშშ-მ 22 მარტს მიანმარის სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებულ სამხედრო ლიდერებს სანქციები დაუწესეს. ქვეყანაში მოსახლეობის პროტესტი გრძელდება. მიანმარის უშიშროების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღი.

საერთაშორისო წნეხის გაზრდის მიზნით, ევროკავშირმა ანგარიშები გაუყინა და სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამხედრო ხუნტის ლიდერ მინ აუნ ჰლაინის. მინ აუნ ჰლაინი  "პასუხისმგებელია მიანმარში დემოკრატიისთვის და კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრაზე".

ევროკავშირმა მსგავსი სანქციები დაუწესა კიდევ 9 მაღალჩინოსან სამხედრო ოფიცერსა და მიანმარის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მიანმარის პოლიციის მეთაურსა და სპეციალური ოპერაციების ხელმძღვანელს. ვაშინგტონის განმარტებით, ისინი დემონსტრანტების წინააღმდეგ სასიკვდილო ძალის გამოყენებაზე არიან პასუხისმგებლები.

სახაზინო დეპარტამენტის განმარტებით, გადატრიალების საწინააღმდეგო პროტესტის დაწყებისას უშიშროების ძალებს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა არ გამოუყენებიათ, თუმცა, მას შემდეგ რაც 2 თებერვალს თან ჰლაინი პოლიციის მეთაური და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა, მიანმარის პოლიციამ დაიწყო დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება. ხოლო არმიის მეთაურმა აუნ სოე პასუხისმგებელია დემონსტრანტების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღის გამოყენებაზე.

აშშ-მ მიანმარის სამხედრო ხუნტის ლიდერებს სანქციები ჯერ კიდევ თებერვალში დაუწესა. ეს სანქციები შეეხო, როგორც სამხედრო ძალების ლიდერებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს და მათთან დაკავშირებულ ბიზნესებს. სამხედრო ხუნტას შეეზღუდა აშშ-ში არსებულ სამთავრობო ფონდებზე, დაახლოებით 1 მილიარდ აშშ დოლარზე წვდომა. 


პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცა, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს. ქვეყნის დეფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, დააკავეს. ისინი შინაპატიმრობაში არიან.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

სამხედრო გადატრიალებას ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტების წინააღდეგ სამართალდამცველები ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებს, ხმოვან ყუმბარებს და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებენ.

ორგანიზაციის, პოლიტიკური პატიმრების დახმარების ასოციაციის თანახმად, სამხედრო გადატრიალების შემდეგ 2 600 ადამიანზე მეტი დააკავეს და 250-მდე ადამიანი მოკლეს.

კომენტარები