23 მარტს ისრაელში ბოლო 2 წლის განმავლობაში მეოთხე საპარლამენტო არჩევნები ტარდება

The Times of Israel

23 მარტს ისრაელში ბოლო 2 წლის განმავლობაში მეოთხე საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

არჩევნებში მონაწილეობას 38 პარტია იღებს. ამომრჩევლის რაოდენობა 6 578 084 ადამიანია. სულ 13 685 საარჩევნო უბანი, აქედან 750 საგანგებო უბანი COVID-19-ით დაავადებული და კარანტინში მყოფი ხალხისთვის. წინა არჩევნებში 12 პარტია მაინც ლახავდა 3.25%-ს და ქნესეთში მინიმუმ 4 ადგილით ხვდებოდა. 

ეგზიტპოლების შედეგები ისრაელის დროით 22:00-ზე გამოცხადდება, მაგრამ ამ შედეგებზე, შესაძლოა, 24 მარტს საგანგებო საარჩევნო უბნების დამატებულმა ხმებმა იმოქმედოს. საბოლოო შედეგი 31 მარტისთვის გამოქვეყნდება. 

წინა არჩევნები ჩიხში შევიდა, რადგან პარტიებმა მთავრობის ჩამოყალიბება ვერ შეძლეს. საბოლოოდ, 2020 წლის აპრილში, მმართველი პარტია ლიკუდის ლიდერი, პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მთავარი ოპოზიციური პარტიის, ლურჯისა და თეთრის ლიდერი, ბენი განცი კორონავირუსის პანდემიის გამო საგანგებო სამთავრობო კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ. ერთობლივი მთავრობა მაისში დამტკიცდა

კოალიციურმა მთავრობამ მხოლოდ რამდენიმე თვე იმოქმედა, რადგან ქვეყნის ბიუჯეტი ბოლო ვადამდე, 23 დეკემბრამდე, ვერ დაამტკიცეს და კიდევ ერთი ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, რომელიც დღეს, 23 მარტს ტარდება. ნეთანიაჰუმ და განცმა კოალიციის დაშლა შეთანხმების პირობების დარღვევის გამო ერთმანეთს დააბრალეს. 

უნდა აღინიშნოს, რომ ბიუჯეტის დამტკიცების ჩავარდნა და კიდევ ერთი არჩევნების დანიშვნა ბეინიამინ ნეთანიაჰუსთვის ამჟამად პრემიერმინისტრის პოსტზე დარჩენის ერთადერთი გამოსავალი იყო. მას, კოალიციური მთავრობის შეთანხმების მიხედვით, 2021 წლის ნოემბერში პოსტის განცისთვის დათმობა უწევდა. 

ისრაელის ერთ-ერთი გამომცემლობის, the Times of Israel-ის შეფასებით, პარტიები, რომლებიც ამ არჩევნებში მონაწილეობას იღებენ, შესაძლოა, დაყოფილი იყოს როგორც: წამყვანი პოპულარული პარტიები, პარტიები, რომლებიც ახლა ვითარდებიან, დიდი ხნის ჩამოყალიბებული პარტიები, რომლებსაც არჩევნების ბარიერი საფრთხეს უქმნის, უცნობი, უიმედო პარტიები და პროვოკატორები.

ამ არჩევნებზე ვარაუდობენ, რომ ნეთანიაჰუმ, შესაძლოა, ხმები დაკარგოს, რადგან მისმა შიდაპარტიულმა მეტოქე გიდეონ საარმა 2020 წლის დეკემბერში პარტია ლიკუდი დატოვა და საკუთარი პარტია ახალი იმედი დააარსა. 


მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამჟამად, არჩევნების პარალელურად, ბენიამინ ნეთანიაჰუს საქმის განხილვა მიმდინარეობს. ისრაელის გენერალურმა პროკურორმა 2019 წლის 21 ნოემბერს ნათანიაჰუს სამ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ საქმეზე ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. საქმეები ქრთამის აღებას, თაღლითობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ეხება. ნეთანიაჰუ ბრალდებებს უარყოფს.

სასამართლო პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე წელს გაგრძელდეს. მისი მიმდინარეობისას ნეთანიაჰუ ვალდებული არაა, პოსტი დატოვოს. ნეთანიაჰუს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მაქსიმუმ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის დამნაშავედ ცნეს, ნეთანიაჰუ ვალდებული არ იქნება, პოსტი დატოვოს, სანამ განაჩენს ყველა ინსტანციაში არ გაასაჩივრებს, რასაც შესაძლოა, რამდენიმე წელი დასჭირდეს.

 

კომენტარები