სირია

სირიაში რუსეთის ძალებმა თურქეთის საზღვართან მყოფი დასახლებები დაბომბეს

ატარების მცხოვრებლების სამგლოვიარო რიტუალი
Aljazeera

სირიაში რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა თურქეთის საზღვართან მყოფ დასახლებებზე მიიტანეს იერიში. მათ დაბომბეს ბუნებრივი აირის ობიექტი, ცემენტის ქარხანა და ასევე იდლიბის პროვინციის კიდევ რამდენიმე დასახლება. იდლიბის პროვინცია ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყებულების უკანასკნელი საყრდენია.

პარალელურად, რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერის ქვეშ მყოფმა სირიის არმიამ ქალაქი ალეპოს მახლობლად მყოფ ალ-ატარების დასახლების საავადმყოფოს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა. დაშავდა 16-ზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 6. 

ობიექტები, რომლებსაც რუსული გამანადგურებლები თავს დაესხნენ, მნიშვნელოვანია იდლიბის პროვინციის არსებობისთვის. აჯანყებულთა ერთ-ერთი დაჯგუფება სირიის ეროვნული არმიის თქმით, რუსეთი აჯანყებულთა უკანასკნელი საყრდენის დესტაბილიზაციასა და მისი ეკონომიკური საქმიანობის დაზიანებას ცდილობს. სირიის ეროვნულ არმიას ზურგს თურქეთი უმაგრებს.

"რუსული საჰაერო თავდასხმები გრძელდება. ასევე, ბალესტიკური რაკეტებით იერიში სამოქალაქო ცენტრებთან მახლობლადაც მოხდა. მათ ქაოსისა და გაურკვევლობის დათესვა სურთ". – თქვა სირიის ეროვნული არმიის მაიორმა იუზუფ ჰამუდმა. 

რუსეთს ბრალი ედება ამ თვის დასაწყისში ალ-აბისა და ჯარაბლუსის ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოებზე ბალესტიკური რაკეტებით თავდასხმაში. 

სირიის არმიის მიერ დაბომბილი ალ-ატარების საავადმყოფო მეზობლად მყოფი იდლიბის პროვინციისთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო, რადგან მისით 100 000-მდე ადამიანი სარგებლობდა. გარდა იმისა, რომ საავადმყოფოზე იერიშის მიტანა საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება, ალ-ატარების ტერიტორია რუსეთის, თურქეთისა და ირანის მიერ დადგენილ დეესკალაციის ზონაში შედის და შეთანხმების მიხედვით, აქ თავდასხმა არ უნდა მომხდარიყო. 

საავადმყოფოზე თავდასხმის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა თეთრჩაფხუტიანთა ორგანიზაციამ, რომელიც ოფიციალურად სირიის სამოქალაქო თავდაცვის სახელითაა ცნობილი. განცხადებაში ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საავადმყოფოებზე თავდასხმა ასადის რეჟიმისა და რუსეთის ძალებისთვის სისტემატიურ ქმედებად იქცა, რადგან ისინი ამ ქმედებისთვის დაუსჯელები რჩებიან.

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთს თავდასხმების დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა. რუსეთის მთავრობისგან ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. 

ეს თავდასხმები თურქეთსა და რუსეთს შორის 2020 წლის მარტში დადებული ზავის დარღვევაა. 

 

კომენტარები