კორონავირუსი

ბრიტანეთში ზრდასრული მოსახლეობის ნახევარი, სულ მცირე, ერთი დოზით უკვე აცრილია [VIDEO]

გაერთიანებულ სამეფოში ზრდასრული მოსახლეობის ნახევარს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა გაკეთებული აქვს. ამის შესახებ ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა მას შემდეგ, რაც 19 მარტს, რეკორდული რაოდენობის, 660 276 ადამიანი აცრეს. 

ამჟამად, ბრიტანეთში 26 263 732 ადამიანს ვაქცინის, მინიმუმ, ერთი დოზა აქვს გაკეთებული. ორივე დოზით, ამ დროისთვის, 2 011 070 ადამიანია აცრილი.

ბრიტანეთში AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინებით იცრებიან.

"ვაქცინა არის ეროვნული წარმატების ამბავი და ამ პანდემიისგან თავის დაღწევის გზა". - აღნიშნა მეთ ჰენკოკმა.

მან მოსახლოებას მოუწოდა და სთხოვა, რომ, როდესაც მათი ჯერი იქნება, აიცრან.

"ეს დიდებული წარმატებაა". - თქვა მან ვაქცინაციაზე ვიდომიმართვაში.

ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი მსხვილი ეკონომიკაა, რომელმაც ვაქცინაციის ამ ეტაპს მიაღწია.

ისრაელი თავისი მოსახლეობის აცრაში ლიდერია, მას მოსდევს არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩილე და შემდეგ გაერთიანებული სამეფო. 

ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2020 წლის 8 დეკემბერს დაიწყო.

ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური მონაცემების თანახმად, 5 იანვრიდან დღიურად დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევები მნიშვნელოვნად იკლებს. 19 მარტს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 4,802 შემთხვევა დადასტურდა, 5 იანვარს ეს რიცხვი 65 ათასს აჭარბებდა. 19 იანვრის შემდეგ იკლებს სიკვდილიანობის მაჩვენებელი, მაშინ, როდესაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი ამ დღეს 1 366 იყო. 19 მარტს ბრიტანეთში კორონავირუსით 101 ადამიანი გარდაიცვალა. იანვრის შუა რიცხვებიდან, როდესაც კორონავირუსის გამო დღიურად დაახლოებით 4 000 ადამიანი გადაჰყავდათ საავადმყოფოში, ამჟამად ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი დაკლებულია. 19 მარტის მონაცემებით, 494 პაციენტს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა.

19 მარტს AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა ბრიტანეთის პრემიერმინისტრი. 

კომენტარები