ელექტრომომარაგება

თურნავა ნამახვანჰესზე: დავიწყებთ კვლევების გადამოწმებას, რადიკალური მოწოდებები მიუღებელია

"აშკარაა, რომ ჰესების მშენებლობის საკითხი საკმაოდ კომპლექსურია, რადგან თითოეულ, ცალკეულ შეთხვევაში, არამარტო მსხვილი, არამედ მცირე ჰესების შემთხვევაშიც ჩვენ გვხვდება პრობლემები, გნებავთ გარემოსდაცვითი კუთხით, გნებავთ მოსახლეობასთან კომუნიკაციის კუთხით, რომლებიც სისტემურად უნდა გადაიჭრას" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

როგორც თურნავამ აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებამ სერიოზულად გაუსწრო ადგილობრივი ენერგორესურსის განვითარებას, რაც დიდი პრობლემაა და მათ შორის სხვაობა სწრაფად უნდა აღმოიფხვრას. მინისტრის თქმით, ამისთვის ერთ-ერთი მიმართულებაა მსხვილი ჰესების განვითარება, ამ თვალსაზრისით ნამახვანჰესი ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტია. ამასთან, მისი ინფორმაციით, ევროკავშირის ასოცირების საბჭოზე ძალიან დიდი მსჯელობა დაეთმო ენერგეტიკულ უსაფრთხოებას: "თუკი ჩვენ ვსაუბრობთ, რომ წყალქვეშა კაბელი უნდა აშენდეს სწორედ იმიტომ, რომ ჩვენგან მწვანე ჰიდროენერგია მიეწოდოს ევროკავშირს, ეს არის ერთ-ერთი ამოცანა და აზრი, რაც ამ პროექტის მიღმა დევს".

თურნავას განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად ძალიან კონკრეტული გეგმით წარსდგა, მათ შორის ქუთაისში, საპროტესტო აქციის მონაწილეებთან შეხვედრისას, რომელიც მოიცავს. პირველ რიგში, ეკოლოგიასთან დაკავშირებული ყველა საკითხის, წუხილის აღმოფხვრას და ამ თვალსაზრისით პროექტის სრულყოფას და ნდობის გაჩენას.

"ამისთვის ჩვენ ვთქვით, რომ ამ ეტაპზე კაშხლის მშენებლობა არ დაიწყება, რაზეც ინვესტორთან შევთანხმდით და ყველა დაინტერესებული ექსპერტი მიიღებს მონაწილოებას ძირითადი კვლევების გადამოწმება-ვალიდაციაში, რათა ყველა დარწმუნდეს, რომ ეს კვლევები ხარისხიანად არის ჩატარებული და თუ რამეა დასამატებელი, ამისთვის დრო გვაქვს.  ჩვენ ასევე ვთქვით, რომ მშენებლობის ზედამხედველობის საბჭო უნდა შეიქმნას, სადაც  ქართველი ექსპერტები, ნდობით აღჭურვილი პირები ჩაერთვებიან და  თვითონ მშენებლობის პროცესს მიადევნებენ თვალ-ყურს.

იმისთვის, რომ არა მარტო მთლიანად ეკონომიკას და ენერგეტიკას, არამედ კონკრეტულად რიონის ხეობას მეტი სიკეთე მოუტანოს, შეიქმნება შესაბამისი, რიონის ხეობის განვითარების ფონდი 5 მლნ ლარის ოდენობით, რომელიც ყველაზე საჭირბოროტო საკითხებს დააფინანსებს ამ ხეობაში და თავად პროექტები და ამ ფონდის მართვა უნდა წამოვიდეს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით. აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ და ვაგრძელებთ კომუნიკაციას და დისკუსიას სწორედ ამ ჩამოყალიბებული გეგმის ფარგლებში, რა თქმა უნდა, მიუღებელია რადიკალური მოწოდებები იმაზე, რომ შეჩერდეს, შეწყდეს, ჩაიშალოს, ინვესტორმა დაგვტოვოს - ამ ნაწილში ჩვენ ვერ შევთანხმდებით. ამ ოთხი პუნქტის შიგნით ვმუშაობთ და დავიწყებთ კვლევების გადამოწმებას". - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

100 დღეზე მეტია, ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის აშენების საწინააღმდეგო აქციებს მართავს. აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ მანამდე, სანამ ყველა საჭირო დოკუმენტი სამართლებრივად არ იქნება შესწავლილი. ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ ჰესის აშენება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისათვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და პროექტი რისკებს არ შეიცავს.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალების შემდეგ ნათია თურნავამ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობასთან რამდენიმე შეხვედრა გამართეს, თუმცა შეხვედრებს კონკრეტული შედეგი არ ჰქონია და მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 14 მარტს ქუთაისში ნამახვანჰესის საწინააღმდეგოდ კიდევ ერთი აქცია გაიმართა, შეკრებილთა მოთხოვნებს კი ეკონომიკის მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვებაც დაემატა.

კომენტარები