სახელმწიფო საწარმოები

2019 წელს სახელმწიფო საწარმოების ზარალი 237 მლნ ლარი იყო, იხილეთ ხელფასები

საპარტნიორო ფონდი

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს სახელმწიფო საწარმოთა ზარალმა 237 მილიონი ლარი შეადგინა, 2018 წელს კი – 816 მილიონი.

2019 წლის მდგომარეობით, სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებული იყო 37 142 ადამიანი. სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებული პირების, დაახლოებით, 95% სულ 10 სახელმწიფო საწარმოზე მოდის. მათ შორის ყველაზე მეტი – 12 476 პირი – დასაქმებულია სს საქართველოს რკინიგზაში.

IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში 14 სახელმწიფო კომპანიის ფინანსური შედეგებია გაანალიზებული. კვლევის მიხედვით, 2019 წელს, კომპანიების მიერ შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი შეადგენს 428 მილიონ ლარს, რაც 9%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს(392 მილიონი). შესწავლილ სახელმწიფო საწარმოებში 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, შრომის ანაზღაურების ხარჯები გაზრდილია 4%-დან 32%-მდე. 2019 წელს პროცენტულად ყველაზე მეტი მატება(+32%) შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაშია, სადაც შრომის ანაზღაურების ხარჯები 10.7 მილიონიდან 14.1 მილიონამდე გაიზარდა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში აცხადებენ, რომ სახელფასო ხარჯების ზრდის ტენდენცია კომპანიების არასახარბიელო ფინანსური შედეგების ფონზეა შენარჩუნებული. მაგალითად, სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ხელფასის ხარჯი გაიზარდა 15%-ით მაშინ, როდესაც წლიური მოგება 40 მილიონი ლარით შემცირდა. შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში შრომის ანაზღაურების ხარჯები 2019 წელს გაზრდილია 8%-ით, მაშინ როდესაც კომპანიის ზარალი 85 მილიონს შეადგენდა. 

ხელფასების გაზრდა, სახელმწიფო კომპანიები არც პრემიების გაცემას ერიდებიან. მაგალითად, შპს საქაერონავიგაციის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს გაცემულია 3.6 მილიონი ლარის პრემია და 3.3 მილიონის სახელფასო დანამატი. 

ცალკე განსახილველია მენეჯმენტის ანაზღაურება. IDFI-ის ინფორმაციით, 11 სახელმწიფო კომპანიის მენეჯმენტის ანაზღაურებამ 2019 წელს 9.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 15%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს(8.3 მილიონი). 

მაგალითად, შპს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მენეჯმენტმა, რომელიც 5 ადამიანისგან შედგება, 2019 წელს 2.2 მილიონი ლარის ანაზღაურება მიიღო. გარდა ამისა, შპს საქართველოს ფოსტის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს მენეჯმენტზე გაცემული 1 171 000 ლარი განაწილდა 12 პირზე(დირექტორი, სამი მოადგილე, 8 დეპარტამენტი უფროსი). შესაბამისად, თითოეული ხელმძღვანელის საშუალო ანაზღაურება შეადგენს 98 000 ლარს.

2019 წელს რამდენიმე, მსხვილი სახელმწიფო კომპანიის დირექტორთა ხელფასები ასე გამოიყურება:

  • მუსტაფა ილთან ოქთემი(შპს ბათუმის აეროპორტი) – 287 357 ლარი

  • დავით საგანელიძე(სს საპარტნიორო ფონდი) – 237 231 ლარი

  • დავით ფერაძე(სს საქართველოს რკინიგზა) – 216 479 ლარი

  • გიორგი ბახტაძე(სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია) – 215 616 ლარი

  • უჩა უჩანეიშვილი(სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა) – 212 520 ლარი

  • გიორგი ჩიქოვანი(სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი) – 190 953 ლარი

  • ლევან ჩიკვაიძე(შპს საქართველოს ფოსტა) – 168 595 ლარი

  • გოჩა მეზვრიშვილი(შპს საქაერონავიგაცია) – 153 074 ლარი

 

 

კომენტარები