ინდოეთი, სავარაუდოდ, კრიპტოვალუტის აკრძალვას გეგმავს

ფოტო: financemagnates.com

Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთში იგეგმება ახალი კანონპროექტის მომზადება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით კრიპტოვალუტის შეძენას, შენახვას, გაცვლასა და მაინინგს აკრძალავს. 

სავარაუდოდ, ინდოეთი გახდება პირველი მსხვილი ეკონომიკის მქონდე სახელმწიფო, რომელიც კრიპტოვალუტის წინააღმდეგ მსგავსი სიმკაცრის შეზღუდვებს მიიღებს. 

ახალი კანონპროექტის თანახმად, ინვესტორებს ექნებათ 6-თვიანი პერიოდი კრიპტოანგარიშების დასახურად და მაინინგ ოპერაციების შესაჩერებლად. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ კი დამრღვევი პირები დაჯარიმდებიან.  

კრიპტოვალუტის წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკით გამოირჩევა ჩინეთიც, რომელიც დეცენტრალიზებულ სისტემას პოტენციურ საფრთხედ აღიქვამს და მის საპირწონედ ციფრული იუანის შექმნაზე აქტიურად მუშაობს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთიც ჩინეთის მაგალითს გაითვალისწინებს და საკუთარი ცენტრალიზებული ციფრული ვალუტის შექმნაზე იმუშავებს. 

კრიპტოვალუტის აკრძალვის მიზეზად არალეგალურ საქმიანობებს, ტერორიზმის დაფინანსებისა და ფულის გათეთრების რისკებს ასახელებენ.

ამჟამინდელი მონაცემებით, ინდოეთში კრიპტოვალუტით ვაჭრობითა და მაინინგით დაკავებულია თითქმის 8 მილიონი მოსახლე და ამ სექტორში ინვესტირებულია 1.4 მილიარდი დოლარი. 

კრიპტოვალუტის საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ დოლარს აჭარბებს და, სავარაუდოდ, ინდოეთის ახალი კანონი გლობალურ ბაზარზე ნეგატიურად აისახება. 

ჯერჯერობით უცნობია, დამტკიცდება თუ არა კანონპროექტი ამ სახით. 
 


2021 წლის 14 მარტს ბიტკოინის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს, 62 000 დოლარს მიაღწია.
 

კომენტარები