ვაქცინაცია

კორონავირუსის ვაქცინით საჯაროდ პირველი პაატა იმნაძე აიცრება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ხვალ, 15 მარტს, 09:00 საათზე საჯაროდ პირველი გაიკეთებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თქვა. 

"ხვალ 09:00 საათზე პაატა იმნაძე დემონსტრაციულად პირველი აიცრება ღია ეთერში, სწორედ ჩვენს დაწესებულებაში, რითიც ხაზს გაუსვამს, რომ ეს დაწესებულება არის ფლაგმანი კოვიდთან ბრძოლაში და ის, ვინც პირველი პაციენტი მიიღო.

ყველა ელოდება პირველ დღეს და რომ ნახავენ, ძალიან წარმატებით ჩატარდება, მერე ყველა გათამამდება და თავშეკავებულთა რიცხვი ავტომატურად შემცირდება". –  თქვა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.


შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, AstraZeneca-ს პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, 13 მარტის დილას ჩამოვიდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, COVAX პლატფორმიდან საქართველოსთვის ასტრაზენეკას 129 600 დოზა, ხოლო ფაიზერის 29 250 დოზაა გამოყოფილი, რომლის მოწოდება მაისის ბოლომდე დასრულდება. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება.

პირველ ეტაპზე აიცრება ის პერსონალი, რომელთაც COVID-ინფიცირებულის სტატუსი ბოლო 120 დღის მანძილზე არ აქვთ. ბოლო მონაცემებით ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია 64 051 პირი, რომელთაგან აცრას დაქვემდებარებული პირების რაოდენობა 54 000-ს შეადგენს.

კომენტარები