ქუადი

თეთრი სახლი ადასტურებს ინფორმაციას ქუადის ლიდერებს შორის დაგეგმილ პირველ შეხვედრაზე

თეთრი სახლი ადასტურებს ინფორმაციას ქუადის (QUAD/ოთხმხრივი უშიშროების დიალოგის) ლიდერებს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე - აშშ-ს, იაპონიის, ინდოეთისა და ავსტრალიის ლიდერები 12 მარტს ონლაინ სამიტს გამართავენ.

ქუადის ფარგლებში ქვეყნის ლიდერებს შორის პირველი შეხვედრა იმართება

თეთრი სახლის სპიკერმა, იენ საკიმ, თქვა, რომ შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე არსებულ სხვადასხვა საკითხს, მათ შორის "კორონავირუსის საფრთხეს, ეკონომიკურ კავშირს და კლიმატის საკითხს". 

"ეს აგზავნის ძალიან ძლიერ სიგნალს ერთიანი მიზნისა და მიზეზისთვის. და მიზანი აქ ძირითადად არის ის, რომ ქუადი წარმოადგინონ ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგულარული დიპლომატიის ნაწილად". – განაცხადა Reuters-თან ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა. 

მისივე თქმით, შეხვედრაზე დაგეგმილია ფინანსების შესახებ შეთანხმებების გამოცხადება ინდოეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოების გაზრდის ხელშესაწყობად - ნიუ-დელი ამას დაჟინებით მოითხოვს ჩინეთის ზრდადი ვაქცინის დიპლომატიის წინააღმდეგ. 

ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, მიზანია, შეამცირონ წარმოების შეფერხებები, დააჩქარონ ვაქცინაცია და დაამარცხონ კორონავირუსის ზოგიერთი მუტაცია. Reuters წერს, რომ დამატებითი ვაქცინების ნაწილს გამოიყენებენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ვაქცინაციისთვის.

აშშ-ს ოფიციალური პირის თქმით, შეხვედრა ორ საათს გაგრძელდება, წლის ბოლოს კი ქვეყნების ლიდერები პირადად შეხვდებიან ერთმანეთს. 

მისი თქმით, ინდოეთი, ავსტრალია და იაპონია გასულ წლებში პირადად დამდგარან ჩინეთის გამოწვევის წინაშე. მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მხარეები აპირებენ, იმუშაონ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში "მომავლის სხვა ხედვაზე".

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ქუადის გაფართოება მომავალში, აშშ-ს მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ის კვლავ არაოფიციალური შეკრებაა, ლიდერების შეხვედრის გამართვის გადაწყვეტილების მიუხედავად.

"თითოეულ ქვეყანას აქვს ძალიან კარგად შეთანხმებული საშინაო პოლიტიკა და სურთ კონსტრუქციული დიალოგები, მაგრამ ასევე სურთ, შეინარჩუნონ გარკვეული ადგილი მანევრირებისთვის". – თქვა მან.

ამასთან ერთად კი აღნიშნა - "ჩვენ ამას ვაფასებთ და გვესმის, და ვცდილობთ ზოგადად მხარი დავუჭიროთ ამას და გვინდა, რომ ეს ეტაპობრივად გავაკეთოთ. ჩვენ სხვა ქვეყნებთან გვქონდა დისკუსია ქუადთან არაფორმალური ასოციაციის სხვა ფორმების შესახებ და ველოდებით, რომ ეს საუბრები გაგრძელდება".

ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეა ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა. 

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლიდერები განიხილავენ "საერთო ინტერესების რეგიონულ და გლობალურ საკითხებს და აზრებს გაცვლიან თავისუფალი, ღია და ინკლუზიური ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონის შენარჩუნების საკითხზე". 

სამინისტროს განცხადებით, სამიტზე ასევე განიხილავენ მიწოდების ჯაჭვებს, მნიშვნელოვან ტექნოლოგიებს, საზღვაო უსაფრთხოებასა და კლიმატის ცვლილებებს. 

ავსტრალიის პრემიერმინისტმა, სკოტ მორისონმაც დაადასტურა, რომ სხვა საკითხებთან ერთად ისინი რეგიონულ უსაფრთხოებას განიხილავენ. 

"ეს ისტორიული მომენტი იქნება ჩვენს რეგიონში და ძლიერ მესიჯს გაუგზავნის რეგიონს სუვერენული და დამოუკიდებელი ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონისადმი ჩვენ მხარდაჭერაზე". – თქვა ავსტრალიის პრემიერმინისტრმა. 

ამასთან ერთად, 14 მარტიდან 18 მარტის ჩათვლით აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ეწვევიან იაპონიასა და სამხრეთ კორეას. ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ ეს იქნება ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლების პირველი საერთაშორისო ვიზიტი. 

ასევე, 8 მარტს იაპონიის პრემიერმინისტრის, იოშიქიჰე სუგას კაბინეტის მთავარმა მდივანმა, კაცუნობო კატომ თქვა, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით იოშიჰიდე სუგა თეთრ სახლს "რაც შეიძლება მალე ეწვევა". მას თარიღი და სხვა დეტალი არ გაუმჟღავნებია. 

ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, იოშიჰიდე სუგა იქნება პირველი მსოფლიო ლიდერი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს თეთრ სახლს ეწვევა. 

2020 წლის ნოემბერში ავსტრალია შეუერთდა მალაბარის წვრთნებს აშშ-სთან, იაპონიასთან და ინდოეთთან. წვრთნები, რომელიც 1992 წლიდან ტარდება, გასულ წლებში გაიზარდა და მეტად კომპლექსური გახდა. ავსტრალიის მონაწილეობით, 2007 წლის შემდეგ, პირველად ქუადის ოთხივე წევრი ჩართული იყო სამხედრო წვრთნებში. 

ჩინეთისგან მომავალ მზარდ საფრთხესთან ერთად, ბოლო დროს, სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ სამომავლოდ შორეულ აღმოსავლეთში აშშ-ს ლიდერობით NATO-ს მსგავსი ალიანსის შექმნაზე.

ჩინეთსა და ინდოეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც გასული წლის 15 ივნისს, გალვანის ხეობაში, ინდოეთისა და ჩინეთის სადავო საზღვარზე დაპირისპირება მოხდა, რასაც 20 ინდოელი სამხედრო ემსხვერპლა და 76 დაშავდა.

ასევე, ავსტრალიასა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაძაბულია მას შემდეგ, რაც გასულ წელს ავსტრალიამ კორონავირუსის გავრცელების წყაროს შესახებ საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება მოითხოვა, ტაივანს ჯანმო-ში მხარდაჭერა გამოუცხადა, რამაც პეკინის აღშფოთება გამოიწვია. მალევე ჩინეთმა ავსტრალიიდან საქონლის ხორცის იმპორტი აკრძალა და ავსტრალიურ ქერზე ტარიფები დააწესა. მაისში პეკინმა ჩინელ ტურისტებს მოუწოდა, რომ ავსტრალიაში გამგზავრებისგან თავი შეეკავებინათ. 9 ივნისს ჩინეთის განათლების სამინისტრომ ჩინელი სტუდენტებისთვის მსგავსი გაფრთხილება გამოსცა ავსტრალიაში სწავლის შესახებ.

რაც შეეხება იაპონიას, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში იაპონიასა და ჩინეთს შორის ტერიტორიული დავები წლებია მიმდინარეობს. 2019 წელს ჩინეთის საპატრულო გემები რამდენჯერმე იაპონიის ტერიტორიულ წყლებში შევიდნენ. ამავე წლის ივნისში იაპონიამ სენკაუს კუნძულებთან ჩინეთის კვლევით გემთან საეჭვო სამხედრო აქტივობა შენიშნა.

5 მარტს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ აშშ-ს ურთიერთობა ჩინეთთან საუკუნის "უდიდესი გეოპოლიტიკური ტესტია" მსოფლიოში.

მან განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანა აშშ-სთვის სერიოზული გამოწვევაა, მათ შორისაა რუსეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა,  თუმცა, მისივე თქმით, ჩინეთის გამოწვევა განსხვავებულია. 

"ჩინეთი არის ერთადერთი ქვეყანა ეკონომიკური, დიპლომატიური, სამხედრო ძალით, რომელიც სერიოზული გამოწვევაა სტაბილური და ღია საერთაშორისო სისტემისთვის - ყველა წესისთვის, ღირებულებისა და ურთიერთობისთვის, რითაც მსოფლიო ისეა მოწყობილი, როგორც გვინდა" - თქვა მან. ჩინეთი ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ცენტრალური ნაწილია .

ბოლო პერიოდში ჩინეთისა და აშშ-ს ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მეტად გაუარესდა არამხოლოდ ახალი კორონავირუსის გავრცელების, არამედ სავაჭრო ომის, ჰონგ-კონგის, ტაივანის, ჩინეთის სინძიანგის საკონცენტრაციო ბანაკების საკითხის გამო და სხვა.

11 თებერვალს აშშ-ს ახალ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და ჩინეთის ლიდერს, სი ძინფინგს შორის პირველი სატელეფონო საუბარი გაიმართა. თეთრი სახლის განცხადების მიხედვით, ბაიდენმა მასთან საუბარში სინძიანგის პროვინციაში ადამიანის უფლებების დარღვევების საკითხი წამოსწია. მან ასევე ილაპარაკა ჰონგ-კონგზე, ტაივანზე და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებზე. ამასთან ერთად, სატელეფონო საუბარში ბაიდენმა სი ძინფინგს უთხრა, რომ ჩინეთთან ითანამშრომლებს, როდესაც ეს ამერიკელი ხალხისათვის სარგებლის მომტანი იქნება.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 24 ნოემბერს საგარეო პოლიტიკის გუნდის წარდგენისას ბაიდენმა თქვა, რომ მსოფლიო ლიდერები ელიან, რომ "აშშ-მ ხელახლა დაამტკიცოს გლობალური ლიდერის ისტორიული როლი, როგორც წყნარ ოკეანეში, ასევე ატლანტის [ოკეანეში] და მთელ მსოფლიოში". ჩინეთს სურს, რომ დომინანტი ძალა თავად იყოს სწორედ წყნარი ოკეანის რეგიონში.

კომენტარები