დროა

დროა! – ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნა

ელენე ხოშტარია
კადრი ვიდეოდან

ელენე ხოშტარიამ ახალი პოლიტიკური მოძრაობა დროა დააფუძნა, რომლის პრეზენტაციაც მარტში იგეგმება. მოძრაობას 4 ძირითადი პოლიტიკური მიმართულება ექნება, რომელთაგან ერთერთი მხილების ინსტრუმენტია. ეს გულისხმობს YouTube არხს, სადაც ხოშტარია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მამხილებელ მასალას გამოაქვეყნებს, კორუფციის, გაყალბების, ძალადობის, ნეპოტიზმისა და რუსეთთან აკვშირების კუტხით. 

რა იქნება სხვა მიმართულება და ელენე ხოშტარიას გარდა, ვინ იქნება ამ მოძრაობაში, ამის შესახებ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი. YouTube-არხზე გამოქვეყნებულ პირველ ვიდეომიმართვაში ელენე ხოშტარია საუბრობს იმ ეკონომიკურ პრობლემებზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას. 

"ჩვენ ვცხოვრობთ ერთერთ ყველაზე ღარიბ და უსამართლო ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია, იყოს წარმატებული და მდიდარი. 3 700 000 მოსახლეობიდან 400 000 სოციალურად დაუცველია. 300 000 მოვალეთა რეესტრშია რეგისტრირებული, 600 000-ს ლომბარდის ვალი აქვს. 2012-19 წლებში 760 000-ია ქვეყნიდან წასული. 2018 წლის UNICEF-ის დასკვნით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 69% ღარიბია. COVID-ით გამოწვეული უმუშევრობის შედეგად, შესაძლოა დამატებით 160 000 აღმოჩნდეს სიღარიბეში, ხოლო 400 000-ს შეუმცირდეს შემოსავალი. ბოლო 8 წლის განმავლობაში სურსათზე ფასი, დაახლოებით, 48%-ით გაიზარდა, მედიკამენტებზე კი 65-70%-ით. 2012 წლიდან საგარეო ვალი 3-ჯერ გაიზარდა. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით ევროპის 46 ქვეყნიდან, 44-ე ადგილზე ვართ.

ამ ყველაფრის პარალელურად, ჩვენ ნაწილ-ნაწილ ვკარგავთ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ჩვენთვის არ არსებობს სასამართლო, სადაც დავიცავთ თავს. პროკურატურა ივანიშვილის სურვილებს ასრულებს. პოლიცია პოლიტიკურ დავალებებს იღებს, სუსი კი ადამიანების შანტაჟითა და კონტროლითაა დაკავებული. პარლამენტი ერთი კაცის საქებრად შეკრებილ 96 სუბიექტს წარმოადგენს. ყველაზე დიდი ბოროტება უიმედობაა, სახელმწიფო პროპაგანდა მუდმივად ცდილობს, დაგვაჯეროს, რომ კორუფცია, გაჭირვება, უპერსპექტივობა და ოკუპაცია ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა და ბედისწერაა. 

რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და ეს ჩვენ უნდა შევცვალოთ. ჩვენი ძალისხმევით, თანმიმდევრულობით და მკაფიო გეგმით. დროა, ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ვხედავთ, რაც ხდება და არ შევეგუებით".

ელენე ხოშტარიამ ევროპული საქართველო 2020 წლის დეკემბერში დატოვა და თქვა, რომ ის ახალ პოლიტიკურ პლატფორმას შექმნიდა.  

კომენტარები