ლიტვა-ბელარუსი

ლიტვამ ბელარუსს ტიხანოვსკაიას ექსტრადიციაზე უარი განუცხადა

ბელარუსის მაღალჩინოსნებმა ლიტვას ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას, ექსტრადირება ოფიციალურად მოსთხოვეს. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა კი მალევე გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ ვილნიუსი მინსკის მოთხოვნას უგულებელყოფს

"ლიტვა იყო, არის და იქნება ქვის კედელი რომლის უკანაც რეჟიმებისგან დევნილ ყველა დემოკრატიულ ძალას თავშესაფრის პოვნა შეუძლია. ამიტომ, ყველას, ვისაც თავშესაფარი აქვს ლიტვაში, შეუძლია, თავი უსაფრთხოდ იგრძნოს - დემოკრატიის, სიტყვის ან რელიგიის თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო რეჟიმებს მათ არ გადავცემთ. ჩვენი პასუხი ბელარუსის რეჟიმს - ჩვენ არ შევისწავლით თქვენს მოთხოვნას" - წერს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მადლობა გადაუხადა ლანდსბერგისს იმისთვის, რომ ლუკაშენკოს რეჟიმს წინ აღუდგა და ბელარუს ხალხს თანადგომის ძლიერი მესიჯი გაუგზავნა.

ბელარუსის გენერალური პროკურატურის სამსახურმა 5 მარტს გამოსცა განცხადება, რომ ტიხანოვსკაიაზე ძებნაა გამოცხადებული "იმ დანაშაულების გამო, რომლეbიც ჩაიდინა საზოგადოებრივი წესრიგის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და სახელმწიფოს წინააღმდეგ".


9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები იმართება. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

ოპოზიციონერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ არჩევნების შემდეგ ქვეყანა დატოვა და კვლავ ლიტვაში იმყოფება. გასულ წელს ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ბელარუსში დაბრუნებას აპირებს, თუმცა მაშინ, როცა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.

კომენტარები