WizzAir

Wizzair: ფრენებს განვაახლებთ, როცა რეგულაციები საშუალებას მოგვცემს და მოთხოვნა აღდგება

"Wizz Air-ი საქართველოდან ფრენებს განაახლებს, როგორც კი დაწესებული შეზღუდვები და რეგულაციები ამის საშუალებას მოგვცემს და, ამასთანავე, აღდგება სათანადო მოთხოვნა". - ამის შესახებ უნგრული ავიაკომპანიის კომუნიკაციების დირექტორმა, ანდრას რადომ ტაბულას განუცხადა.

"ამ ეტაპზე ფრენების აღდგენის კონკრეტულ თარიღზე საუბარი ძალიან ნაადრევია, ვერ დავასახელებ კონკრეტულ თარიღს. ყველა მთავრობა ცდილობს, გააკეთოს მაქსიმალური კოვიდ-19-ის გავრცელების შესაჩერებლად, რადგანაც ვითარება ყველა ბაზარზე ძალიან ცვალებადია.

როდესაც ფრენები აღდგება, მე არ ვფიქრობ, რომ ბილეთების ფასები მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგანაც კომპანიას დასჭირდება თავისის მომხმარებლების დაბრუნება.

Wizz Air-ი კვლავაც მოწადინებულია, განაახლოს საქმიანობა საქართველოში და განაახლებს კიდეც ოპერაციებს ქუთაისის აეროპორტიდან, როგორც კი გარემოებები ამის საშუალებას მოგვცემს" - უთხრა ტაბულას რადომ.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით კი, WIZZAIR-ი მარტის ბოლოდან აღადგენს ფრენებს ქუთაისის აეროპორტში.

"ამ მომენტის ინფორმაციით ფრენებს შეასრულებს 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენას" - ამბობს თურნავა.

აღსანიშნავია, რომ ანდრას რადომ ორი კვირის წინაც უარყო ფრენების უახლოეს მომავალში დაწყება, მაშინ, როცა ნათია თურნავამ თქვა, რომ Wizzair-ი "აპრილიდან ფიქრობს" ფრენების აღდგენას.

კომენტარები