ვენესუელა

ხუან გუაიდომ და ენტონი ბლინკენმა ვენესუელაში დემოკრატიის დაბრუნების მნიშვნელობა განიხილეს

ხუან გუაიდო/ენტონი ბლინკენი

ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტსა და ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის 2 მარტს პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. ვაშინგტონი და ათობით სხვა ქვეყანა ხუან გუაიდოს ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად და ქვეყნის ლიდერად მიიჩნევენ.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის თანახმად, გუაიდოსთან საუბარში ბლინკენმა "ხაზი გაუსვა თავისუფალი და სამართლიანი გზით ვენესუელაში დემოკრატიის დაბრუნების მნიშვნელობას". პრაისის თქმით, გუაიდომ და ბლინკენმა განიხილეს ვენესუელაში არსებული "გადაუდებელი ჰუმანიტარული საჭიროებები". ქვეყანა რამდენიმე წელია, მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თანახმად, ბლინკენმა ისაუბრა აშშ-ს ძალისხმევაზე იმუშაოს ევროკავშირთან, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციასთან და სხვა ჯგუფებთან, "რათა გაიზარდოს მრავალმხრივი ზეწოლა და წნეხი ძალაუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაცემისთვის".

არგენტინულ ტელეარხთან საუბრისას ხუან გუაიდომ თქვა, რომ ენტონი ბლინკენს და კანადელ საგარეო საქმეთა მინისტრ მარკ გარნოს "ვენესუელის დემოკრატიის გადარჩენისთვის საერთაშორისო ალიანსის გეგმის ფარგლებში" ესაუბრა.

როგორც Reuters-ი წერს, გამოცემასთან საუბრისას, თეთრი სახლის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია "არ ჩქარობს" მოხსნას ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ვენესუელასთვის დაწესებული სანქციები, თუმცა განიხილავს სანქციების შემსუბუქებას, თუ მადურო აჩვენებს, რომ მზადაა ოპოზიციასთან სერიოზული მოლაპარაკებებისთვის.

ხუან გუაიდო ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად 2019 წლის შემდეგ მიიჩნევა. 2019 წლის იანვარში გუაიდომ, რომელიც ეროვნული ასამბლეის ლიდერი იყო, ვენესუელას კონსიტიტუციაზე დაყრდნობით თავი ქვეყნის გარდამავალ პრეზიდენტად, ხოლო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა, გაყალბებულად გამოაცხადა.

ნიკოლას მადუროს რეჟიმის მმართველობისას შექმნილი ჰუმანიტარული, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის გამო, ბოლო წლებში, ვენესუელა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვარაუდობს, რომ 2020 ვენესუელის მშპ 25%-ით შემცირდა, ინფლაციამ ქვეყნის ეროვნული ვალუტა, ბოლივარი, უკიდურესად გააუფასურა. მის მმართველობას მხარს მხოლოდ რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ

კომენტარები