შარლ მიშელის ვიზიტი

ვაშაძე: დავინახე, რომ შარლ მიშელი პირადად აპირებს ჩაერთოს პროცესში

"უფრო ნაკლებს ველოდი ამ შეხვედრისგან, ვიდრე ვნახე. დავინახე, რომ პირადად ბატონი შარლ მიშელი აპირებს ჩაერთოს ამ პროცესში, თუ მზაობა იქნება ჩვენი მხრიდან" – თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ.

გიორგი ვაშაძის თქმით, მიშელმა ორივე მხარეს კომპრომისულობისკენ მოუწოდა, ოპოზიცია კი კომპრომისის სახით რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად პლებისციტზე მოლაპარაკებებისთვისაა მზად.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის უმაღლეს დონეზე აიწევს ის პოლიტიკური კრიზისის საკითხი, რომელიც საქართველოშია. 

მეორე ძალიან სერიოზული განაცხადი იყო, რომ ფასილიტაციიდან მედიაციისკენ. ეს არის ორი განსხვავებული რამ, ანუ ნიშნავს, რომ მათ შორის შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე იმისთვის, რომ მის ასოცირებულ წევრ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს. 

მესამე, დავინახე, რომ პოლიტიკური პატიმრების საკითხი ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიხუროს და ეს არის განცდა ევროკავშირის მხრიდან. დიდი მადლობა მათ ამ პოზიციისთვის. მეოთხე, ასეთი შეთანხმება იქნება მარტის თვის ბოლომდე, რა თქმა უნდა, იმ საკითხებზე, რაზეც ჩვენ ვმსჯელობთ, იქნება პატიმრების საკითხი, არჩევნების საკითხიც, ამ თემებზე გარკვეული შეთანხმებები უნდა შედგეს. 

რაც იყო მათი მხრიდან პოზიცია, ჩვენ მხარესთან იყო თხოვნა, რომ ორივე მხარე, რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ გარკვეულწილად კომპრომისულები. ჩვენ მაგალითად, კომპრომისი ვთქვით, რომ რიგგარეშე არჩევნების მაგივრად შეგვიძლია, წავიდეთ პლებისციტზე. ეს ფუნდამენტური და დიდი კომპრომისია, რომელიც ოპოზიციას გაცხადებული აქვს". – თქვა ვაშაძემ. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში გუშინ, 28  თებერვალს ჩამოვიდა.  მიშელი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.

შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.

კომენტარები