ალექსეი ნავალნის დაკავება

ევროკავშირი ნავალნის დაკავების გამო მაგნიტსკის აქტით 4 რუს მაღალჩინოსანს სანქციებს უწესებს

ევროკავშირი ნავალნის დაკავების გამო რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ნავალნის დაკავებაში მონაწილე ოფიციალურ პირებს მაგნიტსკის აქტის ფარგლებში გაეყინებათ ანგარიშები და დაუწესდებათ სავიზო შეზღუდვები.

დასახელდა 4 პირი, რომელთაც სანქციები შეეხებათ. ესენი არიან:

  • ალექსანდ ბასტრიკინი - რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის უფროსი
  • ალექსანდრ კალაშნიკოვი - ფედერალური საპატიმროების ხელმძღვანელი
  • იგორ კრასნოვი - მთავარი პროკურორი
  • ვიკტორ ზოლოტოვი - რუსეთის ეროვნული გვარდიის მეთაური

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირი მაგნიტსკის აქტით, ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო, სანქციებს აწესებს.

ნავალნის თანამებრძოლებს სურდათ, სანქციები შეხებოდათ რუს ოლიგარქებსაც, თუმცა ბორელმა განაცხადა, რომ ამ დროისათვის ნავალნის დაკავებაში მათი პირდაპირი თანამონაწილეობის მტკიცებულება არ არსებობს:

"შესაძლოა, ჩვენ არ მოგვწონს ოლიგარქები, თუმცა, თუ არ არსებობს კავშირი, რომლის დასაბუთებასაც სასამართლოში შევძლებთ, მაგნიტსკის აქტს ვერ გამოვიყენებთ. ვწუხვარ, მაგრამ ეს კანონია". – თქვა მან.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, ვიდეო ჩართვით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენიც შეუერთდა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ სანქციების დაწესებას მიესალმებიან.


ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით ევროკავშრიმა და ბრიტანეთმა რუსეთის მაღალი რანგის პირებს ოქტომბერში დაუწესა სანქციები. მაშინ სანქციები პოლიტიკოსის ნოვიჩოკოს ნერვული აგენტით მოწავმვლის გამო შემოიღეს.

პოლიტიკოსი, რომელიც გერმანიიდან მკურნალობის დასრულების შემდეგ რუსეთში 2021 წლის 17 იანვარს დაბრუნდა, ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური მას "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. 

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

კომენტარები