დღეს ჩვენ გავხდით მომსწრენი იმისა, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო. ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო, ჩვენ გვყავს ძლიერი პოლიცია, გვყავს ძალიან ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი. მე მინდა, საჯაროდ ბატონ გომელაურს გადავუხადო მადლობა ჩვენი მთავრობის სახელით, მთელ პოლიციას მინდა გადავუხადო გულწრფელი მადლობა იმისთვის, რომ დაიცვეს ჩვენი სახელმწიფოს ღირსება, ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობა და კიდევ ერთხელ ყველას შევახსენებ, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო.
ნიკა მელია არის კრიმინალი. სხვა საქმეზე მას აქვს მისჯილი და სასამართლომ დაადგინა, რომ ის არის კრიმინალი. მე შევახსენებ, რომ ბატონი მელია გასამართლებული იყო ბანკი ქართუს გაკოტრების საქმეზე. ეს მეორე საქმე, რისთვისაც პოლიციამ მაღალ პროფესიონალურ დონეზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავა, ეს უკავშირდება სწორედ ამ შენობის [პარლამენტის] შტურმის ორგანიზებას.
ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, ყველა მოქალაქე, განურჩევლად მისი მდგომარეობისა, მისი პოლიტიკური კუთვნილებისა და გემოვნებისა, არის და იქნება ვალდებული, რომ დაემორჩილოს კანონის აღსრულებას. რაც შეეხება გამოყენებულ მეთოდებს, ეს არის აბსოლუტურად ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების უმაღლესი სტანდარტი. დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი, ის, რაც არის ევროპული, თანამედროვე ამერიკული დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი.
ბოლოს, გეტყვით იმას, რომ ჩვენ ყველა მოქალაქის კონსტიტუციურ ფარგლებში აზრის გამოხატვის უფლებას დავიცავთ - ჩვენ ასე გვესმის კანონის უზენაესობა და დემოკრატიის პრინციპები, მაგრამ, იმ დათქმით, რომ ყველაფერი უნდა იყოს კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში.
კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო შს მინისტრს და პოლიციას...





