საქართველოს მთავრობა

ღარიბაშვილი პრემიერმინისტრია - პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა

საქართველოს პარლამენტმა 89 ხმით 2-ის წინააღმდეგ მთავრობის ახალ შემადგენლობასა და შემდეგი ოთხი წლის პროგრამას ნდობა გამოუცხადა.

ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა ღარიბაშვილს მხარი არ დაუჭირეს. პარტია "ევროპელმა სოციალისტებმა" კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. 

ირაკლი ღარიბაშვილი უკვე მეორედ გახდა პრემიერმინისტრი. 

გახარიას კაბინეტში ღარიბაშვილმა მხოლოდ ერთი ადამიანი – ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი მისი მოადგილით შეცვალა. ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ქარსელაძე იქნება. 

თავად ღარიბაშვილს კი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მისი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე ჩაანაცვლებს.

18 თებერვალს გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. მან მიზეზად ნიკა მელიას დაკავებაზე გუნდში შეუთანხმებლობა დაასახელა. ენმ-ის თავმჯდომარეს წინა დღეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. ამის გამო, ოპოზიციური ლიდერები პარტიის ოფისში შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ ნიკა მელიას ფიზიკურად დაიცავდნენ.

კომენტარები