ტექნოლოგიური გიგანტები

მიუხედავად Facebook-ის წინააღმდეგობისა, ავსტრალია ახალ კანონს მაინც მიიღებს

ფოტო: AP Photo, Rick Rycroft

ტექნოლოგიური კომპანიების მხრიდან წინააღმდეგობების მიუხედავად, ავსტრალია არ შეცვლის ახალი კანონპროექტის შინაარსს, რომელიც Google-სა და Facebook-ს ავსტრალიური მედია გამოცემების ანაზღაურებას ავალდებულებს. 

ავსტრალიის ფინანსთა მინისტრის, საიმონ ბირმინგემის თქმით, კანონპროექტი, ამჟამინდელი სახით, სწორ ბალანსს იცავს და მისი შეცვლა არ არის საჭირო. 

"ავსტრალიურმა გამომცემლობებმა ახალი ამბების მომზადების გამო უნდა მიიღონ ანაზღაურება და ეს ლეგიტიმური და სამართლიანი გზით უნდა მოხდეს". – ამბობს ფინანსთა მინისტრი. 

ახალი კანონით სახელმწიფოს ტექნოლოგიური კომპანიებისათვის რიგი რეგულაციების დაწესება შეეძლება, ავსტრალიური გამოცემების კონტენტის გამოყენებისათვის გადასახადების დაწესება მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია. 

საკანონმდებლო ინიციატივას ტექნოლოგიური გიგანტები ეწინააღმდეგებიან, კერძოდ, Facebook-მა ავსტრალიური გამომცემლობები დაბლოკა და ავსტრალიელ მოსახლეობას ახალი ამბების ნახვა და გაზიარება აუკრძალა.

გარდა სამაუწყებლო კომპანიებისა, დაიბლოკა საქველმოქმედო, სამთავრობო და კომერციული გვერდებიც, მათ შორის, თავად Facebook-ის ოფიციალური გვერდიც. კომპანიის ამ ქმედებას მედიაში faceblock-ის სახელით მოიხსენიებენ. 

მიუხედავად მუქარისა, Google-მა შეთანხმებასთან დაკავშირებით რამდენიმე გამომცემლობასთან მოლაპარაკებები დაიწყო. 

ბირმინგემის თქმით, Facebook-მა უნდა გაითვალისწინოს Google-ის მაგალითი და მოლაპარაკებების რეჟიმზე გადავიდეს. 

კომენტარები