კრიმინალი

შსს: ყვარელში მაღაზიის მეპატრონეს სცემეს, დაემუქრნენ, ₾1500, ბეჭედი და მობილური გასტაცეს

სამართალდამცველებმა ყვარელში ჩადენილი ყაჩაღობისთვის ერთი პირი, 2001 წელს დაბადებული ა.ე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 20 თებერვალს, ყვარლის მუნიციპალიტეტში, მოქალაქის კუთვნილ სურსათის მაღაზიაში შეიჭრა, მაღაზიის მეპატრონეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ყაჩაღურად გასტაცა 1500 ლარი, ოქროს ბეჭედი, მობილური ტელეფონი და სიგარეტები, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ყაჩაღური გზით დაუფლებული თანხა და მობილური ტელეფონი. ერთ-ერთი ლომბარდიდან, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ოქროს ბეჭედი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს". - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები