გამოხმაურებები ნიკა მელიას საქმეზე

რიში და შაჰინი: ქართველი ხალხი იმსახურებს კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას

აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯეიმს რიში და მისი მოადგილე, დემოკრატი სენატორი, ჯინ შაჰინი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს საერთო განცხადებით გამოეხმაურნენ, სადაც წერენ, რომ მოხარულები არიან ნიკა მელიას დაკავების "გაუქმების" გადაწყვეტილებით.

რიში და შაჰინი განცხადებაში ასევე იმედოვნებენ, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი მალე და მშვიდობიანად ამოიწურება.

"ქართველი ხალხი იმსახურებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და პატიოსან, დამოუკიდებელ სასამართლოს. გასული რამდენიმე წლის მანძილზე, ჩვენ მრავალჯერ გამოვხატეთ წუხილი პოლიტიკური მართლმსაჯულების გამო საქართველოს ოფიციალურ პირებთან. მოხარულები ვართ რა, რომ ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას "დაკავება გაუქმდა", მივიჩნევთ, რომ პოლიტიკური მოტივით საერთოდ არ უნდა დევნიდნენ და აპატიმრებდნენ.  

პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარე უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას და იზრუნოს პოლიტიკური ატმოსფეროს დეესკალაციაზე. ვიმედოვნებთ რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად ამოიწურება". – წერია განცხადებაში


16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. 

მანამდე, საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა - მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც მელია ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რის შემდეგაც, ენმ-ს ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეიკრიბნენ. ისინი ამბობდნენ, რომ არ გაატანდნენ ნიკა მელიას პოლიციას და მას ფიზიკურად დაიცავენ. 

მას შემდეგ, რაც ენმ-ს ოფისში მთელი ღამის განმავლობაში ელოდნენ აღსრულების სამსახურის გამოჩენას, 18 თებერვალს დილით პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ თანამდებობას ტოვებს. გახარიას თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდთან ერთობლივ შეთანხმებას ვერ მიაღწია. 

გახარიას გადადგომის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, პრემიერმინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო მელიას დაკავება გადადეს.

18 თებერვალს შუადღით ქართულმა ოცნებამ პრემიერობის კანდიდატად პოლიტიკური მდივანი, ასევე თავდაცვის და შს ყოფილი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. ის ერთხელ უკვე იყო ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მეთაური - 2013 წლიდან 2015 წლის დეკემბრამდე.

კომენტარები