არჩევნები 2020

ლელო ოცნებას: მიიღეთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - შევთანხმდეთ ვადამდელ არჩევნებზე!

ლელო მოუწოდებს ქართულ ოცნებას, მიიღონ ერთადერთი სწორი და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და ოპოზიციასთან ერთად შეთანხმდნენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, ასევე შეწყდეს პოლიტიკური დევნა და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.

"ქართული ოცნების ხელისუფლების რადიკალურმა, დანაშაულებრივმა და არასახელმწიფოებრივმა ქმედებებმა გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა და ჩვენი მოქალაქეები. ვითარება შეუქცევადი გახადა გუშინ ნიკა მელიას და მთელი ოპოზიციის წინააღმდეგ მიტანილმა იერიშმა. პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების ფართო ჩართულობით უზრუნველვყოთ სამართლიანი არჩევნებისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო და სხვა საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ჯანსაღი პოლიტიკური გარემო [..] ასევე მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, შექმნილ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია თქვენი კიდევ უფრო აქტიური და ქმედითი ჩართულობა შექმნილი კრიზისის დასაძლევად. ლელო დაარსების დღიდან დგამდა და გადადგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც აუცილებელია ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად". – წერია ლელოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 18 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ თანამდებობას ტოვებს. გახარიას თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდთან ერთობლივ შეთანხმებას ვერ მიაღწია. 

გახარიას გადადგომის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, პრემიერმინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო მელიას დაკავება გადადეს. 


16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. 

მანამდე, საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა - მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც მელია ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები