Tesla-მ, სავარაუდოდ, ბიტკოინით უფრო დიდი მოგება მიიღო, ვიდრე ელექტრომობილებით

ფოტო: techstory.in

ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანია Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინი შეიძინა. სავარაუდოდ, ერთ თვეში ამ ინვესტიციით კომპანიამ უფრო დიდი პოტენციური მოგება მიიღო, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში ელექტრომობილების წარმოებითა და გაყიდვით.

Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი [BTC] 2021 წლის იანვარში შეიძინა. ტრანზაქციის ზუსტი თარიღი და ფასი უცნობია.

სავარაუდოდ, შესყიდვა ერთბაშად არ განხორციელებულა და რამდენიმე კვირაზე იყო გადანაწილებული, რაც კრიპტოინვესტირების სფეროში გავრცელებული პრაქტიკაა.

იანვარში ბიტკოინის საშუალო ფასი, დაახლოებით, 34 000 დოლარი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის 28 000 – 42 000-ის დიაპაზონში მერყეობდა.

მაღალი ალბათობით, Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი 34 000 დოლარის ფარგლებში შეიძინა.

ამჟამინდელი მონაცემებით, ბიტკოინის ფასი 51 400 დოლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიტკოინის ფასი იანვრის საშუალოდან დღემდე თითქმის 50%-ით გაიზარდა.

სავარაუდოდ, კომპანია Tesla-ს 1.5-მილიარდიანი ინვესტიცია 50%-ითაა გაზრდილი, რაც 750 მილიონი დოლარით ზრდაა.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, 2020 წელს კომპანია Tesla-ს შემოსავალი 31.5 მილიარდი დოლარი იყო, აქედან 721 მილიონი დოლარი კი მოგება.

2020 წელი ყველაზე მომგებიანი იყო Tesla-ს ისტორიაში, 2019 წლის მონაცემებით, კომპანიამ 24.6 მილიარდი დოლარის ღირებულების ავტომობილები გაყიდა და 862 მილიონი დოლარით იზარალა.

მაღალი ალბათობით, Tesla-მ ბიტკოინის შეძენით ერთ თვეში უფრო დიდი პოტენციური მოგება მიიღო, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში ელექტრომობილების წარმოებითა და გაყიდვით. 

კომენტარები