ჯასტინ ტიმბერლეიკი

ჯასტინ ტიმბერლეიკმა ბრიტნი სპირსსა და ჯენეტ ჯექსონს ბოდიში მოუხადა

People

ბრიტნი სპირსის ცხოვრების შესახებ გამოვიდა დოკუმენტური ფილმი Framing Britney Spears . ბიოგრაფიული დრამის შემქმნელებმა განსაკუთრებულ ყურადღება მედიის მიერ მომღერლის დევნას დაუთმეს, რომელმაც სპირსი ფსიქოლოგიურ პრობლემებამდე და ნარკოდამოკიდებულებამდე მიიყვანა. ავტორების აზრით, ამ პროცესებში ირიბად დამნაშავე სპირსის ყოფილი მეგობარი, ჯასტინ ტიმბერლეიკიც იყო. 

დოკუმენტურ ფილმს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალურ ქსელებში გააკრიტიკეს ტიმბერლეიკი და ფილმში ნაჩვენები სხვა ადამიანები, რომლებმაც სპირსის კარიერაზე ნეგატიური გავლენა მოახდინეს. კრიტიკას მუსიკოსმა პოსტით უპასუხა.

"ბევრი მესიჯი, თეგი, კომენტარი ვიხილე და მინდა, პასუხი გაგცეთ. ბოდიშს ვიხდი იმ ქმედებებისთვის, რომლებმაც სხვებს პრობლემები შეუქმნა. ხშირად შეუფერებლად ვლაპარაკობდი და, პირიქით, როდესაც უნდა მელაპარაკა, ვდუმდებოდი. პირადად ვუხდი ბოდიშს ბრიტნი სპირსსა და ჯენეტ ჯექსონს, იმიტომ რომ პატივს ვცემ მათ და ვიცი, რომ შეცდომა დავუშვი". – ამბობს მუსიკოსი.

მომღერალი ჯექსონს 2004 წლის სუპერბოულის ფინალის შესვენების დროს მომხდარი ინციდენტისთვის უხდის ბოდიშს. არტისტები ტიმბერლეიკის ჰიტს, Rock Your Body-ს ასრულებდნენ, სიმღერის ბოლო სიტყვების "Cause I, bet I'll have you naked by the end of this song" (სანაძლეოს ჩამოვდივარ, სიმღერის ბოლოს გაგაშიშვლებ) წარმოთქმის შემდეგ ტიმბერლეიკმა ჯექსონს კორსეტი შემოახია. გეგმის მიხედვით ჯექსონი სცენაზე ბიუსტჰალტერით უნდა დარჩენილიყო, მაგრამ კოსტიუმის გაუმართაობის გამო მომღერალს მკერდი გამოუჩნდა, შოუს პირდაპირ ეთერში 140 მილიონი ადამიანი უყურებდა. 

 

 

კომენტარები