საკონსტიტუციო სასამართლო

საია საკონსტიტუციოზე: საშიში პრეცედენტია მთავრობაზე საკანონმდებლო კონტროლის თვალსაზრისით

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 11 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც სასამართლომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მთავრობის მიერ შეზღუდვების დიდი ნაწილის დაწესება კონსტიტუციურად მიიჩნია.

"იმის მიუხედავად, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა საიას პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ კონსტიტუციის 26-ე მუხლს ეწინააღმდეგებოდა შრომით უფლებებზე შეზღუდვების არა ორგანული, არამედ ჩვეულებრივი კანონით დაწესება, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ე.წ. კომენდანტის საათთან (გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა) დაკავშირებით საიას უფრო მნიშვნელოვანი სასარჩელო მოთხოვნა

საია საკონსტიტუციო სასამართლოში ამტკიცებდა, რომ ადამიანისათვის სახლში დარჩენის ვალდებულების დაკისრება იყო ისეთი პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილება ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეულ პარლამენტს უნდა მიეღო. ამის ნაცვლად, ამ საკითხის დარეგულირების უფლებამოსილება პარლამენტმა მთავრობას მიანდო". – ნათქვამია საიას განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, ე.წ კომენდანტის საათი, რაც გულისხმობს 21 საათიდან 5 საათამდე ადამიანების იძულებას, დარჩნენ საკუთარ სახლში არ მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლომ ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხად, უფლებაში ინტენსიურ ჩარევად. ეს მაშინ, როცა სახლში დარჩენის იძულება არის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის ყველაზე მძიმე ფორმა. ამასთან საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ "კომენდანტის საათის" გამოყენება არ არის დაკავშირებული რეპრესიულ ღონისძიებასთან. სინამდვილეში 21-საათიდან 5 საათამდე სახლიდან გამოსვლა იწვევს, პირველ ჯერზე ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით ამ ქმედების ჩადენა, უალტერნ​ატივოდ, ითვალისწინებს ისეთი მძიმე სასჯელების გამოყენებას, როგორიცაა შინაპატიმრობა და თავისუფლების აღკვეთაა სამ წლამდე. ცხადია, როგორც ადმინისტრაციული ჯარიმა, ისე სისხლისსამართლებრივი პატიმრობა (შინაპატიმრობა) სხვა არაფერია თუ არა სახელმწიფოს მიერ რეპრესიული ღონისძიების გატარება 

საია ასევე არ ეთანხმება საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მართალია, საზოგადოებას გააჩნია ინტერესი კომენდანტის საათის მიმართ, თუმცა ეს გარემოება ვერ აქცევს კომენდანტის საათს ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხად. ორგანიზაციის ცნობით, კომენდანტის საათი გავლენას ახდენს საქართველოში მყოფ მილიონობით ადამიანზე, რომლებსაც არა აქვთ  საშვი. შესაბამისად, უფრო ლეგიტიმური იქნებოდა, თუკი ამ ღონისძიებაზე გადაწყვეტილებას მიიღებდა ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული საკანონმდებლო და არა აღმასრულებელი ორგანო. 

"საკონსტიტუციო სასამართლო იმას, რომ ე.წ. კომენდანტის საათი არ არის უფლების მძიმე ფორმით შეზღუდვა, ხსნის ამ ღონისძიების დროებითი ხასიათით. ეს მაშინ, როცა ხელისუფლების განცხადებით, ეს იქნება ის საკარანტინო ღონისძიება, რაც ბოლოს გაუქმდება. შესაბამისად, უცნობია, როდემდე გაგრძელდება ეს ღონისძიება. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს, პანდემიის ვითარება ცვალებადია და აღმასრულებელ ხელისუფლებას უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, მოერგოს ამ ცვალებად ვითარებას, ვიდრე საკანონმდებლო ხელისუფლებას. ამასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში საიას იურისტების პოზიცია იყო ის, რომ საგანგებო მდგომარეობის შესახებ (ეს არის კანონი, რომელიც დღეისათვის არ მოქმედებს) გარდა სხვა კანონშიც უნდა ყოფილიყო დეტალური მითითება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება, მოსთხოვოს მოქალაქეს სახლიდან გასვლისაგან თავის შეკავება, პანდემიური ვითარების გაუარესების შესაბამისად. ხოლო საკითხი იმასთან დაკავშირებით რამდენი ხანი უნდა გაგრძელებულიყო კომენდანტის საათი, რა ტერიტორიულ ერთეულებში უნდა ყოფილიყო ეს ღონისძიება გამოყენებული, ეს საკითხი თავად მთავრობას გადაეწყვიტა, შეცვლილი გარემოებების გათვალისწინებით. სამწუხაროდ, გადაწყვეტილებაში არ ვხვდებით პასუხს ამ არგუმენტებთან დაკავშირებით". – ვკითხულობთ საიას განცხადებაში.

საია მიიჩნევს, რომ 2020 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება საშიში პრეცედენტია გადაადგილების თავისუფლებისა და მთავრობაზე ეფექტიანი საკანონმდებლო კონტროლის თვალსაზრით.


საკონსტიტუციო სასამართლომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მთავრობის მიერ შეზღუდვების დიდი ნაწილის დაწესება კონსტიტუციურად მიიჩნია.

განსახილველი საქმე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, მთავრობას მიეცა უფლებამოსილება, პარლამენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდოს ადამიანის კონსტიტუციური უფლებები. მათ შორის, ამავე ცვლილების მიხედვით, მთავრობას მიენიჭა იზოლაციისა და კარანტინის წესების განსაზღვრის უფლებაც.

კომენტარები