სისტემის ჩავარდნა — 14 წლის გოგო მარტო, ძალადობის პირისპირ

სისტემის ჩავარდნა — 14 წლის გოგო მარტო, ძალადობის პირისპირ

ძალადობის მსხვერპლმა 14 წლის გოგომ ქობულეთში თავი მოიკლა. სავარაუდო მოძალადე მხოლოდ თვითმკვლელობის შემდეგ დააკავეს. ტაბულა დაინტერესდა, რა ჩავარდნა ჰქონდა სახელმწიფოს სხვადასხვა რგოლს – რა უნდა გაეკეთებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სკოლასა და სოციალურ მუშაკს, რომელიც ბავშვს ობლობის გამო ჰყავდა მიჩენილი. ჩვენს კითხვებს იურისტი, ანა თავხელიძე და სოციალური მუშაკი, ქეთევან ხუციშვილი პასუხობენ.

14 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 23 წლის კაცი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ მას შემდეგ დააკავა, რაც 10 თებერვალს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანმა საკუთარ სახლში თავი მოიკლა. 

მოზარდი გარდაცვლილი პირველად ბაბუამ ნახა, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას დეტალები გაიხსენა და თქვა, რომ მის შვილიშვილზე ორჯერ იძალადეს — თავდაპირველად, 2020 წლის ზაფხულში, შემდეგ კი აქედან 6 თვეში, 2020 წლის დეკემბერში. კაცი ამბობს, რომ განმეორებითი ძალადობის შემდეგ პოლიციაში დარეკეს და მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული ექსპერტიზის მეორე ცნობა მათთან არ მისულა, რამაც, მისივე თქმით, მოზარდი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

"არ თქვა ბავშვმა არაფერი, დამალა, ალბათ დაემუქრა, რომ არ თქვა, თორემ მოგკლავო. 6 თვის შემდეგ მოაკითხა კიდევ და მეორეჯერ იძალადა, მერე გაიხსნა საქმე. ბავშვი ამოვიდა ატირებული, ბაბუა იძალადო ჩემზე კიდევო, მომატყუაო და ძუნკალა ძაღლივით გამომიშვა სახლშიო. რამ მიიყვანა ამ ზომამდე [თვითმკვლელობამდე] და თბილისიდან არ ჩამოვიდა ექსპერტის ცნობა მალე, ერთი ჩამოვიდა და მეორე არ ჩამოვიდა. გამომძიებელს ველაპარაკე, ცნობა ჩამოვიდა თუ არა-მეთქი, არაო. წავედი დილას და საღამო არ იყო ჯერ, დავბრუნდი და ჩამოკიდებული დამხვდა. ". — ამბობს გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა.

იმ სკოლის დირექტორის თქმით, სადაც მოზარდი სწავლობდა, 14 წლის გოგოსთან სოციალური მუშაკი მუშაობდა, თუმცა, სკოლის ადმინისტრაციისთვის ძალადობის ფაქტების შესახებ არც სოცმუშაკსა და არც პოლიციას არაფერი უთქვამს. 

"სწავლა განახლდა პირველ თებერვალს, მაგრამ, ბავშვს როცა დავეკონტაქტეთ, ინფორმაცია მოგვაწოდეს, რომ დადიოდა კბილის ექიმთან, პრობლემები ჰქონდა, ტკიოდა კბილი და ბაბუას დაჰყავდა კბილის ექიმთან. ამიტომ, წინა კვირაში არ მოსულა. იმის შესახებ, რაც მოხდა და ეს პრობლემა თუ იყო, ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა, სკოლას. ბავშვს სოციალური მუშაკი ჰყავდა მიჩენილი, როგორც ობოლს და მეურვის ზედამხედველობაში მყოფს და ის სოციალური მუშაკი ამოწმებდა მის მდგომარეობას. ჩვენთვის არაფერი იყო ცნობილი - არც პოლიციამ, არავის არ შეუტყობინებია". — თქვა ქაქუთის სკოლის დირექტორმა.

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა: როდის დაიწყო გამოძიება, რატომ არ დააკავეს სავარაუდო მოძალადე უფრო მალე, რა გააკეთა უწყებამ გამოძიების ფარგლებში ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, მიმართეს თუ არა ფსიქოლოგს მოზარდის დასახმარებლად და, ასევე, ადასტურებენ თუ არა ინფორმაციას, რომ 14 წლის გოგოსთან სოციალური მუშაკი მუშაობდა. უწყებაში ყველა კითხვაზე პასუხად გვითხრეს, რომ ვერაფერს გვეტყვიან იმაზე მეტს, რაც დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან კი, მხოლოდ იმის გაგება არის შესაძლებელი, რომ 1997 წელს დაბადებული ნ.ტ. დაკავებულია და მას ბრალად ედება 2006 წელს დაბადებულ გოგოსთან სქესობრივი კავშირის დამყარება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ნ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალად ედება სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, 2006 წელს დაბადებულ გოგონასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა". — ვკითხულობთ განცხადებაში.

მოზარდის გარდაცვლების საქმეში ჩაერთო არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის და ისინი დაზარებულის უფლებამონაცვლედ დის ცნობას ითხოვენ. ტაბულა ესაუბრა ორგანიზაციის იურისტს, ანა თავხელიძეს, რომელმაც მომხდარში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სოციალური სამსახურის პასუხისმგებლობა გამოკვეთა.

თავხელიძის თქმით, სახელმწიფომ სწრაფი რეაგირება არ მოახდინა სავარაუდო ძალადობის ფაქტზე და, ასევე, არ გაუტარებია პრევენციული ზომები, რათა არ დამდგარიყო ის შედეგი, რომელიც დადგა. იურისტი ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების დროს უწყებებს მათ შემჭიდროვებულ ვადებში განხილვის ვალდებულება აქვთ და, აქედან გამომდინარე, ექსპერტიზის პასუხებიც ძალიან სწრაფად უნდა ყოფილიყო.

"როგორც კი ბავშვისგან ინფორმაცია მიიღო პოლიციამ, რომ მსგავსი რამ მოხდა, მაშინვე უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება პირის დაკავების შესახებ, თუ ფიქრობდნენ, რომ დაკავების საფუძველი არ ჰქონდათ, პროკურატურას დევნა უნდა დაეწყო პირის მიმართ, დადგენილება გამოეტანა და პატიმრობა მოეთხოვა აღკვეთის ღონისძიების სახით. ეს არ ნიშნავს, რომ გამოძიება ამით დასრულდებოდა, ცხადია, ის გაგრძელდებოდა. მაგალითად, პირველი რეაგირებისთვის, რომ პირი დაეკავებინათ ექსპერტიზის დასკვნა ამ შემთხვევაში გადაწყვეტი მნიშვნელობის არ იყო". — ამბობს ანა თავხელიძე. 

საქმეში კიდევ ერთი ფაქტი, რასაც იურისტი შემაშფოთებლად მიიჩნევს, არის ის, რომ მოზარდთან ფსიქოლოგი არ მუშაობდა. ანა თავხელიძის თქმით, ძალადობისა და განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის ფაქტების დროს ფსიქოლოგის ჩართულობა აუცილებელია და ეს ან პოლიციას, ან სოციალურ მუშაკს უნდა მოეთხოვა.

"პოლიციამ არ შეასრულა თავისი ვალდებულება სათანადოდ, ამის პარალელურად, ცხადია, ბავშვთან მუშაობაც უნდა დაეწყოთ – როგორც კი შეტყობინება მიიღეს, მაშინვე უნდა ჩაერთო სოციალური მუშაკი, რომელიც ბავშვთან ძალადობის ნაწილში იმუშავებდა, ასევე სკოლასთან მუშაობაც, იმიტომ, რომ ჩვენ როგორც ვიცით რამდენიმე თვის განმავლობაში ბავშვი თანაკლასელს არ უნახავს და ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მოეძიებინა მათ შორის სკოლას და მათ შორის სოციალურ მუშაკს, მითუმეტეს ვიცით, რომ 4 თებერვალს განახორციელა სოციალურმა მუშაკმა ბოლო ვიზიტი. ყველაზე უცნაური და წარმოუდგენელი რაც არის –ბავშვთან ფსიქოლგი არ მუშაობდა, ეს ინფორმაცია გასცა ადგილობრივმა სოციალურმა სამსახურმა. წარმოუდგენელია, ბავშვთან ძალადობის საკითხებზე მყისიერად ვითხოვთ ხოლმე ფსიქოლოგის ჩართულობას". — ამბობს იურისტი. 

ტაბულა ასევე ესაუბარა სოციალურ მუშაკთა გაერთიანების თანამშრომელს, სოციალურ მუშაკს, ქეთევან ხუციშვილს. მისი თქმით, მოზარდთან დაკავშირებით სავარაუდოდ, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალური მუშაკი იყო ინფორმირებული, რომელსაც შეეძლო, ჩაერთო ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი, როგორც "კრიზისული ინტერვენციის მთავარი რგოლები".

"რაც შეეხება ფსიქოლოგს, ეს არის ისეთი რგოლი, რომელიც აუცილებლად უნდა ჩაერთოს ასეთ საქმეებში, მაგრამ ჩვენ რამდენადაც ვიცით ერთი ფსიქოლოგი ჰყავთ მაგ სამხარეო ცენტრში, სულ არის ხოლმე ეს პრობლემა, ბავშვებს ფსიქოლოგთან რიგში შეიძლება ერთი თვეც მოუწიოთ და შეიძლება ერთი წელიწადიც.

ფსიქოლოგის ჩართულობა და ინტენსიური მუშაობა აუცილებელია, მაგრამ სოფელში მოხდა ეს ფაქტი და სოციალური მუშაკი ქობულეთში მუშაობს მგონი სულ ორი და მათთვის ტრანსპორტირება არ არსებობს, ძალიან დიდი შემაფერხებელი გარემობაა ასეთი შემთხვევების მონიტორინგისთვის. თორემ, როდესაც ასეთი კრიზისული მდგომარეობაა, რასაკვირველია, ხშირი ვიზიტი, ხშირი მოკითხვა, სპეციალისტების ჩართვა არის აუცილებელი. სოციალური მუშაკი, გამოძიება როგორ იმოქმედებდა, მაგაზე ვერ იქონიებდა გავლენას, ცხადია, მაგრამ მხარდაჭერა არის ასეთ დროს მუშაკის ფუნქცია და მოვალეობა". — თქვა ხუციშვილმა.

14 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის დამყარების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები