დავითგარეჯის საქმე

გიორგი კანდელაკი: რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების 100 წლისთავი ფართოდ უნდა აღინიშნებოდეს

გიორგი კანდელაკი

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების 100 წლისთავი საქართველომ უფრო ფართოდ უნდა აღნიშნოს და ღონისძიებები უნდა მიმდინარეობდეს 11 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით. 

ამის შესახებ გიორგი კანდელაკმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც მოსახლეობას წარუდგინა რუკა, რომელზეც ასახულია საქართველოს ფაქტობრივი საზღვრების დაზუსტებული რუკა 1921 წლის 11 თებერვლის მდგომაორებით. 

“დღეიდან 25 თებერვლის ჩათვლით ყოველდღე უნდა იმართებოდეს ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენს საელჩოებში რადგან ის რაც მოხდა 11 თებერვლიდან 17 მარტამდე, როცა საქართველოს სრული ოკუპაცია მოხდა, განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ტრაგიკული ბედი მე-20 საუკუნის განმავლობაში”. - ამბობს გიორგი კანდელაკი 

  რუკაზე მოცემულ ტერიტორიებს შორის, რომელიც საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის მითითებით, გადაეცათ საქართველოს მეზობლებს,  არის დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილიც. გიორგი კანდელაკმა ქართული ოცნების მხრიდან აღშნული ტერიტორიასთან დაკავშირებული საკითხის ბოროტად გამოყენებაზეც ისაუბრა. 

ფაქტს რომ საერთაშორისო სამართლის ეს ფუნდამენტური გარემოება საჯარო დისკუსიაში მივიწყებულია ქართული ოცნება უბრალოდ ბოროტად იყენებს და აქტიურად მონაწილეობს ჰიბრიდული ომის ამ ოპერაციაში, რომლის მიზანიცაა ჩვენი საზოგადოების გახლეჩვა პატრიოტულ საკითხზე, ფოკუსის გადატანა რუსული ოკუპაციიდან სხვა პრობლემაზე, ურთიერთობების გაფუჭება აზერბაიჯანთან და პროდასავლური ძალების დისკრედიტაცია”. - ამბობს გიორგი კანდელაკი.

 


გიორგი კანდელაკი საუბრობს დავითგარეჯის გახმაურებულ საქმეზე, რომელიც აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას უკავშირდება. 

კომისიის ყოფილი წევრები 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედება ედებათ. საინტერესო ის არის, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალში დავითგარეჯის მონაკვეთი საერთოდ არ ფიგურირებს, ვინაიდან ეს ტერიტორია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ამ დრომდე არ შეთანხმებულა და კვლავ განხილვის საგანს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ქართული ოცნების პროპაგანდა საკითხის სწორედ დავითგარეჯის კონტექსტში წარმოჩენას ცდილობს. 

4-თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ საქალაქო სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.

კომენტარები