ალექსეი ნავალნი

Der Spiegel: იულია ნავალნაია გერმანიაში პირადი ვიზიტით ჩავიდა

იულია ნავალნაია
RBK

გერმანული გამოცემის Der Spiegel-ის ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ფრანკფურტში პირადი ვიზიტით ჩაფრინდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ "რუსული გამოცემები ავრცელებდნენ ვერსიას, რომ ნავალნის ცოლმა სამშობლო შიშის გამო დატოვა, თუმცა გერმანიაში პირად ვიზიტზე საუბრობდნენ".

10 თებერვალს Интерфакс-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იულია ნავალნაია მოსკოვიდან ფრანკფურტში გაფრინდა. ნავალნაიას ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათ ნავალნაიას მიერ ქვეყნის დატოვებაზე არაფერი იცოდნენ.

თავად იულია ნავალნაიას რუსეთის დატოვების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.


ალექსეი ნავალნი და მისი ცოლი გერმანიაში პოლიტიკოსის ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ ჩავიდნენ. ნავალნი ბერლინის კლინიკა შარიტეში რუსეთიდან უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. მკურნალობის რამდენიმეთვაინი კურსის შემდეგ ალექსეი ნავალნი რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. ის სამშობლოში დაბრუნებისთანავე დააკავეს

2 თებერვალს ალექსეი ნავალნის 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი.

2014 წელს რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული".

ამასთან ერთად,  ნავალნის წინააღმდეგ აღძრულ კიდევ ერთ საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამჯერად ნავალნის ბრალად ედება შეურაცხყოფის მიყენება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანისათვის, რომელმაც პუტინის მიერ განხორციელებული რეფორმების პროპაგანდისტულ ვიდეოში მიიღო მონაწილეობა. საქმეზე მოსმენა 12 თებერვლამდე გადადეს. 

ამავდროულად, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებმა გამოაცხადეს, რომ მისი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესო აქციებს გაზაფხულამდე შეწყვეტენ. მიზეზად პოლიციის მხრიდან ძალადობა და დემონსტრანტების დაკავება სახელდება. ლეონიდ ვოლკოვი ამბობს, რომ ეს ორგანიზაციის გეგმებს და სექტემბერში დანიშნული საპარლამენტო არჩევნების კამპანიას შეაფერხებს. ვოლკოვი ამბობს, რომ ნავალნის გათავისუფლების მცდელობას უცხოეთიდან ზეწოლის გაზრდის მეშვეობით გააგრძელებენ.

კომენტარები