ბელარუსი

ბელარუსში მამა-შვილი, რომელსაც პატიმრობა ემუქრება, თავს შვედეთის საელჩოს აფარებს

შვედეთის საელჩო მინსკში
Voices from Belarus

2020 წლის სექტემბერში მინსკში მდებარე შვედეთის საელჩოში მამა-შვილი - ვიტალი და ვლადისლავ კუზნეჩიკები შეიპარნენ. მათ პოლიტიკური თავშესაფრის მიღება სურდათ. როგორც შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, მამა-შვილი ხუთი თვის შემდეგ კვლავ საელჩოს შენობაში იმყოფება. შესაძლოა, ამ ფაქტმა შვედეთს დიპლომატიური პრობლემები შეუქმნას.

კუზნეჩიკებმა შვედეთის საელჩოში შესვლა 2020 წლის 11 სექტემბერს სცადეს. როდესაც მათ შენობის კარი ჩაკეტილი დახვდათ, ღობეზე გადაძვრნენ და დაწესებულების ავტოსადგომის ტერიტორიაზე შეღწევა შეძლეს. ბელარუსული მედიის მიხედვით, მამა-შვილი დადანაშაულებულია ქალაქ ვიტებსკში პოლიციასთან შეტაკებაში, როდესაც დიდი საპროტესტო მსვლელობები იმართებოდა. პოლიციის წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო, შესაძლოა, მათ ექვსწლიანი პატიმრობა შეუფარდონ.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, მათი მხარე საქმის საჭიროების შესაფერისად მოქმედებს. 2020 წლის ნოემბერში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ან ლინდემ თქვა, რომ მამა-შვილი შენობაში უკანონოდ შევიდა. ასევე ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ მინსკში მდებარე საელჩო შვედეთის ტერიტორია არაა. 

მიუხედავად ამისა, როგორც შვედური ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარტინ უგლამ თქვა: “მათ [შვედ დიპლომატებს] არ სურთ მათი [მამა-შვილის] ბელარუსის პოლიციისთვის გადაცემა. მაგრამ, ამავდროულად, მათ არც ისეთი სიტუაციის შექმნა სურთ, რომ მრავალი ადამიანი საელჩოში თავშესაფრის სათხოვნელად მიდიოდეს”. მისივე თქმით, თუკი მამა-შვილს უსაფრთხოების გარანტიებს ვერ მისცემენ, მათი საელჩოდან გაყვანა რთული იქნება, რადგან ეს ფაქტი, შესაძლოა, შვედეთში დიდი კრიტიკის საგანი გახდეს.


ბელარუსში დემონსტრაციები 2020 წლის 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო მეექვსე ვადით გახდა ბელარუსის პრეზიდენტი. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 30 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

 

კომენტარები