ეკონომიკა

EBRD და EU საქართველოში მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოებს დაეხმარებიან

SELFTRAVEL.GE

ქართული მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოები EBRD–სგან გაუმჯობესებულ საკონსულტაციო მომსახურებას მიიღებენ, რაც მათი სერვისების გაციფრულებასა და კაპიტალის ბაზრებზე წვდომის გამარტივებას მოემსახურება. ინიციატივა კოვიდ 19–ის პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის შემსუბუქებისკენაა მიმართული. 

პროექტის ფარგლებში ევროკავშირმა 1.8 მილიონი ევრო გამოყო, რაც მხარეების მიერ კორონავირუსისგან გამოწვეული შეფერხებების აღმოფხვრას, მიწოდების არხების გაციფრულებასა და გარემოსდაცვითი პრაქტიკების დანერგვას მოხმარდება. 

პარალელურად, EBRD საქართველოს ეროვნულ ბანკთანაც ითანამშრომლებს, კაპიტალისა და სესხის ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესების მიმართულებით, როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილი ქართული საწარმოებისთვის. თანამშრომლობა საწარმოების გადამზადებას, მათი დაფინანსების წყაროების გაფართოებასა და საშინაო თუ საგარეო ინვესტორების მოძიებას გულისხმობს. 

ინიციატივა EBRD–ისა და ევროკავშირის მიერ წინა პერიოდებში განხორციელებული პროექტების გაგრძელებას წარმოადგენს, რომლებიც ასევე ქართული მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერებას ემსახურება. 

ახალი ინიციატივის შესახებ EBRD–ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა ისაუბრა:

“პანდემიისა და მისგან გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შედეგად, კერძო სექტორი სრულიად ახალ რეალობაში აღმოჩნდა, ახლა კი სწორედ ის დროა, რომ გადამზადებასა და გადატვირთვაზე ვიფიქროთ. მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, ევროკავშირთან ერთად დავეხმაროთ ბიზნესს ვიტალურად მნიშვნელოვანი დაფინანსების მოძიებაში, ხელი შევუწყოთ ციფრულ ტრანსფორმაციასა და მდგრად გარემოზე ორიენტირებულ განვითარებას”.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი(EBRD) საქართველოში წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია. ქვეყანაში ოპერირების დაწყებიდან, ბანკმა  262 პროექტში 4.2 მილიარდ ევროზე მეტი ჩადო. პროექტები ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის დარგებს მოიცავს. 

 

კომენტარები