ნიკა მელიას საქმე

მელია: ქართულ ოცნებას არავის დაპატიმრების თავი არ აქვს

Nika Melia/Fb.com

"ქართულ ოცნებას" არავის დაპატიმრების თავი არ აქვს". -  ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია რუსთავი 2-ის ეთერში გენერალური პროკურატურის განცხადებაზე საუბრობს, სადაც წერია, რომ, თუ მელია გირაოს ერთ კვირაში არ გადაიხდის, უწყება  პატიმრობას მოითხოვს.

მელიას თქმით, ოცნებამ კარგად იცის, რომ ეს პოლიტიკური დევნაა და ეშინიათ ამის. 

"ქართულ ოცნებას არავის დაპატიმრების თავი არ აქვს, იმიტომ კი არა, რომ ისინი გამბედავები არ არიან, იმიტომ რომ მშვენივრად იციან, ეს მართლა პოლიტიკური დევნაა და ეშინიათ ამის. იმ ფონზე, როდესაც მათ ჩემი საარჩევნო შტაბი გადაწვეს, უბნები დაარბიეს, ახლა დამიჭირონ, ეს მსოფლიო მართლა ჩალით კი არ არის  დახურული". - ამბობს მელია. 

გენერალურმა პროკურატურამ დღეს, 5 თებერვალს, განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ, თუ ენმ-ს ლიდერი, ნიკა მელია ერთ კვირაში არ გადაიხდის გირაოს თანხას, უწყება ოპოზიციური პარტიის ლიდერის პატიმრობას მოითხოვს.

"არ გადავიდი და ვერ დამიჭერთ!". – ასე უპასუხა მელიამ პროკურატურის განცხადებას. 

პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა მელიამ გირაო, 40 000 ლარი განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა. უწყების ცნობით, მელიას გირაოს გადასახდელად დამატებით ერთკვირიან ვადას მისცემენ და "განემარტება, რომ გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ან, თუ იგი გირაოს თანხას ეკვივალენტური უძრავი ქონებით არ უზრუნველყოფს, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე."

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

პროკურატურამ გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

კომენტარები