ნიკა მელიას საქმე

მელია: არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ!

ტაბულა

"არ გადავიდი და ვერ დამიჭერთ!". – ასე პასუხობს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია გენერალური პროკურატურის განცხადებას, სადაც წერია, რომ თუ მელია გირაოს ერთ კვირაში არ გადაიხდის, უწყება  პატიმრობას მოითხოვს.

"აქვე მინდა ვთქვა, რომ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა, როცა ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე-ფარცხალაძის საკუთრებაა, როცა ქვეყანაში სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძის საკუთრებაა და პარლამენტი კი კობახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს და ეს ყველა ფიგურანტი, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილს ჯიბეშია, მომიტევეთ, მაგრამ, მე არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, მივიღო მონაწილეობა ამ სიყალბეში". – ამბობს ნიკა მელია პარტიაში გამართულ ბრიფინგზე.

გენერალურმა პროკურატურამ დღეს, 5 თებერვალს, განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ თუ ენმ-ს ლიდერის, ნიკა მელიაერთ კვირაში არ გადაიხდის გირაოს თანხას, უწყება ოპოზიციური პარტიის ლიდერის პატიმრობას მოითხოვს.

პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა მელიამ გირაო, 40 000 ლარი განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა. უწყების ცნობით, მელიას გირაოს გადასახდელად დამატებით ერთკვირიან ვადას მისცემენ და "განემარტება, რომ გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ან, თუ იგი გირაოს თანხას ეკვივალენტური უძრავი ქონებით არ უზრუნველყოფს, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე."

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

პროკურატურამ გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

 

კომენტარები