ნიკა მელიას საქმე

სარჯველაძე მელიაზე: რეაგირება უნდა მოჰყვეს ფაქტს, რომელიც არაფრად აგდებს სამართალს

მიხეილ სარჯველაძე

 "რეაგირება უნდა მოჰყვეს ფაქტებს, რომლებიც არაფრად აგდებს სამართალს". - ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ენმ-ძალა ერთობაშიას თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება.

"არცერთ პოლიტიკოსს არ აქვს უფლება, საკუთარ თავს მისცეს უფლება, რომ უფრო მაღლა დააყენოს საკუთარი თავი, ვიდრე სამართალი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, რეაგირება უნდა მოჰყვეს ისეთ ფაქტებს, რომლებიც მიმართულია და არაფრად აგდებს ჩვენს მოქმედ სამართალს და გადაწყვეტილებებს, რომლებიც სამართლის აღსრულებას ემსახურება". - ამბობს მიხეილ სარჯველაძე. 

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თუ ნიკა მელია დაკისრებულ გირაოს ერთი კვირის ვადაში არ გადაიხდის, უწყება მისთვის აღკვეთის ღონისძებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.  

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

იმ დროს ენმ-ის დეპუტატს გამოძიება 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა.

კომენტარები