პროკურატურა

წამება, მტკიცებულებათა გაყალბება, უკანონო დაკავება – POG-მა შსს-ს ყოფილი თანამშრომლები დააკავა

საქართველოს პროკურატურამ წამების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების, ასევე განზრახ უკანონო დაკავებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 1 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები – რ.ა., ი.ა. და ი.ს. დააკავა, ხოლო ორი პირის – ხ.ს.-ს და კ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. საქმე 2011 წელს ლ.ა.-ს მიმართ მომხდარ ფაქტს ეხება.

"წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე და ჯვარის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ავტომანქანაში სცემდნენ დაკავებულს  და სთხოვდნენ, რომ გაემჟღავნებინა ძებნილი ზ.ა-ს ადგილსამყოფელი. ამასთან, ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენის და მკვლელობის სიმულაციის მიზნით, რ.ა-მ ავტომანქანაში მყოფ ხელებშეკრულ ლ.ა-ს ავტომატის ლულა ჩაუდო პირში.

ზემოთ ხსენებულმა პირებმა დაკავებული მიიყვანეს სოფელ ჭალესთან არსებული მიტოვებული აგურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კვლავ გააგრძელეს მის მიმართ სასტიკი მოპყრობა. კერძოდ, მას აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით". – ნათქვამია განცხადებაში. 

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა დაკავებული გააკავეს  და ანთებულ სიგარეტს ხანგრძლივად, წუთობრივი ინტენსივობით ადებდნენ სხეულზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. სასურველი ინფორმაციის ვერ მიღების გამო, უკანონოდ დაკავებულის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, განიზრახეს ხელოვნურად შეექმნათ თითქოსდა მისი დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი მტკიცებულებები.

"შემდეგ იგი მიიყვანეს შსს-ს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც რ.ა-მ, ი.ს-მ და ხ.ს-მ სხვა პირებთან ერთად კვლავ სცემეს იგი. ამასთან, დაწვის სიმულაციის მიზნით აიძულებდნენ მას ბუხარში შესვლას". – ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

ხელოვნურად შექმნილი მტკიცებულებების საფუძველზე ლ.ა-ს წარედგინა ბრალდება. ამნისტიის შესახებ  საქართველოს კანონის საფუძველზე, 2013 წლის 16 იანვარს ლ.ა. გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან. უწყების ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით დადგინდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის როგორც პროცედურული, ასევე არსებითი ნაწილის დარღვევა. გარდა ამისა, დადგინდა ამავე კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა.

კომენტარები