მე-10 მოწვევის პარლამენტი

გირჩი: ვთხოვთ კოლეგებს ოცნებიდან, ნუ მიემხრობიან ოპოზიციონერების გაძევებას პარლამენტიდან

პოლიტიკურმა პარტია გირჩმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ქართულ ოცნებას თხოვნით მიმართავს, რომ ხვალ, 2 თებერვალს მხარი არ დაუჭირონ ოპოზიციონერებისთვის საპარლამენტო მანდატების გაუქმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს გირჩის წევრებიც მიმართავენ.

"ქართული ოცნება, როგორც მმართველი პარტია არის მთავარი პასუხისმგებელი საკამათო არჩევნების ჩატარებაზე და ლოგიკურია, რომ მას ეკისრება მომეტებული პასუხისმგებლობა შედეგად განვითარებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზეც. ჩვენი აზრით, კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მოლაპარაკების პროცესს აზრს დაუკარგავს, კრიზისს გააღრმავებს და შესაძლოა შეუქცევადი გახადოს". – წერია განცხადებაში.

გირჩი ქართული ოცნებისგან ასევე მოითხოვს, რომ მანდატების შეწყვეტის საკითხი გადადონ, რათა "პარლამენტის წევრებმა და მათმა ამომრჩეველმა გაიაზრონ შეთანხმების მნიშვნელობა და შეუთანხმებლობის რისკები".

"ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, გვინდა ვთხოვოთ ჩვენს კოლეგებს ქართული ოცნებიდან, საქმით აჩვენონ თანამშრომლობის სურვილი. ნუ დაუჭერენ მხარს, საკუთარი კოლეგების პარლამენტიდან გაძევებას. გადადონ ამ გადაწყვეტილების მიღება და დატოვონ დრო დისკუსიისათვის, რათა პარლამენტის წევრებმა და მათმა ამომრჩეველმა გაიაზრონ შეთანხმების მნიშვნელობა და შეუთანხმებლობის რისკები, ხოლო საბოლოო მოლაპარაკების რაუნდის წინ ამ რისკების გააზრებით მივიდეთ.

თუ მიუხედავად ჩვენი გულწრფელი თხოვნისა, ქართული ოცნება მაინც შეუწყვეტს კოლეგებს უფლებამოსილებას, ამას მივიღებთ ქართული ოცნების მხრიდან მთელ ოპოზიციასთან მოლაპარაკების შეწყვეტის გააზრებულ გადაწყვეტილებად და გირჩის მოქმედი პარლამენტის წევრებიც დაუყოვნებლივ ჩააბარებენ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს". – წერია განცხადებაში.

ხვალ, 2 თებერვალს, პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების შეწყვეტის უყრის კენჭს. 

მანდატების გაუქმების მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოსთვის არ მიუმართავს პარტია მოქალაქეებსა და გირჩის სამ წევრს. პარლამენტში უკვე შევიდა პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიის 4 დეპუტატი, რომლებმაც ახალი პარტია, ევროპელი სოციალისტები დააფუძნეს. ამასთან ერთად, პარტია მოქალაქეების ლიდერების თქმით, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა მათაც გადაწყვეტილი აქვთ.

ოპოზიცია ხელისუფლებისგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს და საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. ამ დროისთვის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან საპარლამენტო მანდატებზე უმრავლესობას უარი აქვს ნათქვამი.

კომენტარები