კორონავირუსის ვაქცინა

ბრიტანეთში ჩატარებული კვლევით, Novavax-ის ვაქცინა 89.3%-ით ეფექტიანია Covid-19-ის წინააღმდეგ

Novavax
The Straits Times

გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგებით, ამერიკული კომპანიის Novavax-ის მიერ შექმნილი Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კანდიდატი ეფექტიანია 89.3%-ით. 

Novavax-ში განაცხადეს, რომ კლინიკური ცდის მესამე ფაზაში 15 000-ზე  მეტმა 18-დან 84 წლამდე ასაკის ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათი 27% 65 წელს გადაცილებული პირები იყვნენ. 

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული ცდის პირველადი მონაცემებით, ვაქცინა 85.6%-ით ეფექტიანია ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ. 

სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული შუალედური ეტაპის ცდით, სადაც კორონავირუსის ახალი შტამია გავრცელებული, Novavax-ის ვაქცინა 60%-ით ეფექტიანია იმ ადამიანებში რომლებსაც HIV არ აქვთ. 

იმ შემთხვევაში თუ ვაქცინა დამტკიცდება, გაერთიანებულ სამეფოს ამ ვაქცინის 60 მილიონი დოზა ექნება. ბრიტანეთის მთავრობაში აღნიშნეს, რომ დამტკიცების შემთხვევაში ვაქცინის დოზები წელიწადის მეორე ნახევარში ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ Novavax-ის ვაქცინის შენახვა შესაძლებელია მაცივარში 2-დან 8 გრადუსამდე. 

კომპანიის წარმომადგენლებმა კონფერენციაზე განაცხადეს, რომ ეს შუალედური მონაცემებია და ელიან, რომ ორ ან სამ თვეში იქნებიან მზად, რათა რეგულატორებს ვაქცინის დამტკიცებისთვის მიმართონ. 

კომპანია ამჟამად განიხილავს, არის თუ არა საკმარისი დიდი ბრიტანეთის და სამხრეთ აფრიკის მონაცემები იმისათვის, რომ აშშ-ს საკვებისა და წამლების ადმინისტრაციას ვაქცინის გადაუდებელი გამოყენებისთვის მიმართონ. 

ახალი ამბის გავრცელებიდან მალევე Novavax-ის აქციები 34%-ით გაიზარდა. 

 

კომენტარები