აშშ

აშშ-ს სენატმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენი დაამტკიცა

ტონი ბლინკენი
Reuters

აშშ-ს სენატმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენი დაამტკიცა. ბლინკენის კანდიდატურას 67-მა სენატორმა დაუჭირა მხარი და 11-მა ბლინკენის კანდიდატურის წინააღმდეგ მისცა ხმა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. 

სახელმწიფო მდივნის კანდიდატი ხმათა უბრალო უმრავლესობით მტკიცდება. დაახლოებით 1 კვირის წინ ბლინკენი სენატის პროფილური საგარეო კომიტეტის წინაშე წარდგა და თავის ხედვებსა და გეგმებზე ისაუბრა. 

სენატორ რენდ პოლის კითხვაზე, კვლავ უჭერს თუ არა მხარს ნატოს გაფართოებასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას, ბლინკენმა უპასუხა:

"თუ ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, შეძლებს, დააკმაყოფილოს გაწევრიანებისათვის სავალდებულო მოთხოვნები და თუ შეძლებს, წვლილი შეიტანოს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში, მაშინ დიახ, ნატოს კარები ღია უნდა დარჩეს".

რენდ პოლის შენიშვნაზე, რომ ეს რუსეთთან ომს გამოიწვევდა კი განაცხადა:

"რეალურად, ვფიქრობ, პირიქით, სენატორო. როცა საქმე ეხება ნატოს წევრობას, კარგი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ არის რუსეთი აგრესიული ისეთი ქვეყნების მიმართ, რომლებიც არ არიან ნატოში და ნატოს ქოლგის ქვეშ და რატომ არ ესხმის თავს მათ, ვინც არიან...გვინახავს წარსულში, რომ ქვეყნები, რომლებიც ნატოში შევიდნენ, არ ყოფილან რუსეთის მხრიდან იმავე თავდასხმის სამიზნე". – უპასუხა მან.

  • რუსეთი - ბლინკენმა ისაუბრა რუსეთის მიერ წარმოქმნილ გამოწვევებზე. 
    მას კითხვა დაუსვეს ალექსეი ნავალნის დაკავებაზე.
    "ჩემი აზრით, აღსანიშნავია, როგორ ეშინია პუტინს ერთი კაცის. ვფიქრობ, ნავალნი მილიონობით რუსის ხმას წარმოადგენს და მათი ხმა უნდა ისმოდეს. ამ ხმის ჩახშობის მცდელობას მკაცრად ვგმობთ."
    მან თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას სურს იარაღზე კონტროლის START-ის შეთანხმების გახანგრძლივება. მან აღნიშნა, რომ ეს არ არის რუსეთისათვის გაკეთებული საჩუქარი და აშშ-ს ინტერესებში შედის.
    "ეს მოგვცემს პროგნოზირებად ზედა ზღვარს რუსეთის ბირთვულ იარაღზე და წვდომას მონაცემებსა და შემოწმებებზე, რაც სხვა მხრივ არ გვექნებოდა". – თქვა მან.
    ბლინკენმა კომენტარი გააკეთა რუსეთის მიერ დეზინფორმაციის იარაღად გამოყენებაზე და ამის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების გაზრდის აუცილებლობაზე.
    "ეს ყოველდღიური ბრძოლაა". – თქვა მან.
    Nord Stream 2-ზე საუბრისას ბლინკენმა თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ამ პროექტის წინააღმდეგი იქნება და შეეცდება დაარწმუნოს პარტნიორები, განსაკუთრებით კი გერმანია, არ გააგრძელონ რუსული გაზსადენის მშენებლობა.
  • უკრაინა - ბლინკენმა თქვა, რომ მხარს უჭერს უკრაინისათვის ლეტალური იარაღის მიწოდებას და ქვეყნის მხარდაჭერას რუსეთიდან მომავალი აგრესიის წინააღმდეგ. მან ასევე ისაუბრა უკრაინაში არსებულ სხვა პრობლემებზე:
    "რუსეთი გარეგანი საფრთხეა. შინაგანი საფრთხეებია კორუფცია და ეფექტური ინსტიტუტების ნაკლებობა. უკრაინას ამ მიმართულებითაც უნდა დავეხმაროთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთის საფრთხის შეკავებაში დავეხმარებით, შიდა საფრთხეები გაურთულებთ მათ დემოკრატიის მშენებლობას".
  • ჩინეთი - ბლინკენს მიაჩნია, რომ ჩინეთი აშშ-ს ინტერესებისათვის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს. მან ხაზი გაუსვა სინძიანში ადამიანის უფლებების დარღვევას და დემოკრატიული პროტესტის ჩახშობას ჰონგ-კონგში. მან გამოთქვა სურვილი, აშშ-ში მიიღონ ის პირები, ვინც ჰონგ-კონგიდან რეპრესიებს გაურბის, უიღურების წინააღმდეგ მიმართული კამპანია კი გენოციდად შეაფასა. ბლინკენმა ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს შორის დაასახელა სინძიანგიდან პროდუქტების იმპორტის აკრძალვა, რომლის წარმოებაშიც იძულებითი შრომაა გამოყენებული, და ექსპორტზე იმ ნაწარმის გატანა, რასაც ჩინეთი მოსახლეობაზე ზეწოლისათვის გამოიყენებს. მან თქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი მართალი იყო, როდესაც ჩინეთისადმი უფრო მკაცრი მიდგომა არჩია, მიუხედავად იმისა, რომ ამის განხორციელების ზოგიერთ მეთოდში არ ეთანხმება.
  • ირანი - ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ თავიდან უნდა აიცილონ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა. მას მიაჩნია, რომ 2015 წლის ირანის შეთანხმება, მისი ლიმიტების მიუხედავად, ამ მიზანს ასრულებდა და ხელს უშლიდა ირანს, მიეღო მასალები ატომური იარაღის შესაქმნელად. მან ისაუბრა იმაზე, რომ შეთანხმებიდან აშშ-ს გასვლის შემდეგ ირანმა დაიწყო შეთანხმების პირობების დარღვევა და გააგრძელა ურანის გამდიდრება. მისი თქმით, თუ ირანი პირობებს შეასრულებს, აშშ შეთანხმებაში უნდა დაბრუნდეს და პარტნიორებთან ერთად ახალ შეთანხმებაზე იმუშაოს, რომელიც უფრო მრავლისმომცველი იქნება, მათ შორის მოიცავს რაკეტებს და დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებს.
    მას კითხვა დაუსვეს ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციაზეც, რაზეც ბლინკენმა თქვა, რომ მისი სიკვდილი არავისთვისაა საწყენი, თუმცა მიაჩნია, რომ შედეგად აშშ უფრო უსაფრთხო არაა. მან ახსენა ირანის საპასუხო თავდასხმები ერაყში აშშ-ს ბაზებზე და ირანის აგრესიული ქმედებები.
  • თურქეთი - ბლინკენმა დაგმო თურქეთის, როგორც ნატოს მოკავშირის მიერ რუსეთისაგან S-400 სარაკეტო სისტემის შეძენა.
    "იდეა, რომ ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი თანამშრომლობს ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სტრატეგიულ კონკურენტთან, რუსეთთან მიუღებელია". – თქვა მან და აღნიშნა, რომ უნდა შეაფასონ შედეგი, რაც სანქციებმა გამოიღო და გადაწყვიტონ, რა უნდა გაკეთდეს დამატებით.
  • ისრაელი-პალესტინა - ბლინკენი მიესალმება ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზების შეთანხმებებს და მიაჩნია, რომ ეს რეგიონს უფრო უსაფრთხოს ხდის. მან ასევე თქვა, რომ საუკეთესო გზა ისრაელის უსაფრთხოებისა და დემოკრატიისათვის და ასევე პალესტინელთათვის არის ე.წ. 2 სახელმწიფოს გზა, თუმცა, მიაჩნია, რომ ახლო მომავალში ამის განხორციელება რთული იქნება. მან გამოთქვა სურვილი, რომ ყველა მხარემ თავი შეიკავოს ცალმხრივი ქმედებებისგან, რაც ამ მიზნის მიღწევას კიდევ უფრო გაართულებს. ბლინკენმა დაადასტურა, რომ აშშ გააგრძელებს ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას და აშშ-ს საელჩო იქ დარჩება.
  • ვენესუელა - ბლინკენმა თქვა, რომ გააგრძელებს ქვეყნის ლიდერად ხუან გუაიდოს აღიარებას, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ-ს ნაბიჯებმა შედეგი არ გამოიღო და განიხილავენ მადუროს რეჟიმის მხარდამჭერთა მიმართ სანქციების გამკაცრებას.
  • იემენი - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჰუსიტების ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეყვანაზე ბლინკენმა თქვა, რომ ეს მათთან მოლაპარაკებებს და მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას გაართულებს და ამიტომ, პოსტის დაკავებისთანავე ამ საკითხს განიხილავს. ამასთანავე, ბლინკენმა თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია დაასრულებს იემენში საუდის არაბეთის კოალიციის სამხედრო კამპანიის მხარდაჭერას, თუმცა საუდის არაბეთს დაეხმარება მის წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებთან გამკლავებაში. ბლინკენმა ასევე თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციაში აშფოთებთ ზოგიერთი ნაბიჯი, რომელიც საუდის არაბეთმა გადადგა და ორმხრივ ურთიერთობას ამ ჭრილში განიხილავენ.
  • ავღანეთი - ბლინკენმა თქვა, რომ პოსტის დაკავების შემდეგ ახლოდან გაეცნობა თალიბანთან მიღწეულ შეთანხმებას.
    "ჩვენ გვსურს, დავასრულოთ ეს ე.წ. მუდმივი ომი. ჩვენ გვსურს, სახლში დავაბრუნოთ ჩვენი ძალები. ასევე გვსურს, შევინარჩუნოთ საშუალება, გავუმკლავდეთ ტერორიზმის წარმოშობას...მიმაჩნია, რომ შეუძლებელია, ნებისმიერი მიღწეული შედეგი შენარჩუნებადი იყოს ბოლო 20 წელიწადში ავღანეთში ქალებისა და გოგონების მიერ მიღწეულის დაცვის გარეშე". – თქვა მან.

ბლინკენმა კომენტარი გააკეთა იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში დაბრუნებაზე, საიდანაც აშშ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას გავიდა.

"ჩვენთვის უმჯობესია, ვიყოთ თუნდაც ისეთ ინსტიტუტებში, რომლებიც აშკარად იდეალურები არ არიან და რეფორმა სჭირდებათ. ზოგადი წესის მიხედვით, უკეთესია, მაგიდასთან იყო, ვიდრე ოთახის გარეთ, თუ გვსურს, რომ მათზე გავლენა მოვახდინოთ და უკეთესი მიმართულებით წავიყვანოთ". – თქვა მან.

მოსმენის დაწყებისას ბლინკენმა ხაზი გაუსვა პირადად მისთვის ნომინაციის მნიშვნელობას და ახსენა ოჯახის ის წევრები, რომლებიც საჯარო სამსახურში მსახურობდნენ:

"ჩვენთვის ეს წმინდა მოვალეობაა, ვიხდით იმ ვალს, რომელიც ჩვენს ოჯახს ამ ქვეყნის წინაშე აქვს, რომელმაც ჩემს ბევრ ნათესავს მისცა თავშესაფარი და თაობებს - გამორჩეული შესაძლებლობები. ბაბუაჩემმა, მორის ბლინკენმა აშშ-ში თავშესაფარი იპოვა მას შემდეგ, რაც რუსულ პოგრომს გამოექცა. მამაჩემის მეუღლემ, ვერა ბლინკენმა თავშესაფარი იპოვა აშშ-ში მას შემდეგ, რაც უნგრეთში კომუნისტურ რეჟიმს გაექცა. ჩემმა გარდაცვლილმა მამინაცვალმა, სემუელ ფიზარმა აშშ-ში თავშესაფარი იპოვა მას შემდეგ, რაც ჰოლოკოსტის საშინელებები გადაიტანა.

სემი ერთადერთი იყო მისი ოჯახის ახლო წევრებიდან, ვინც გადარჩა. ერთადერთი 900 ბავშვიდან პოლონეთის ბელოსტოკის საკონცენტრაციო ბანაკში. ის იქ 4 წელი იყო. ომის ბოლოს, როდესაც მოსაკლავად მიჰყავდათ, ის გაიქცა და თავი შეაფარა ბავარიულ ტყეს. სამალავიდან მან ტანკის ხმა გაიგონა. როდესაც გაიხედა, საშინელი რკინის ჯვრის ნაცვლად დაინახა ხუთქიმიანი თეთრი ვარსკვლავი. მან ტანკთან მიირბინა. იქიდან აფროამერიკელი ჯარისკაცი გადმოვიდა. სემი მუხლებზე დაეცა და თქვა ომამდე დედის მიერ მისთვის ნასწავლი სამი სიტყვა, რომელიც ინგლისურად იცოდა: "ღმერთმა დალოცოს ამერიკა". ის ტანკში ჩასვეს და წაიყვანეს თავისუფლებაში. ამერიკაში.

ეს ვართ ჩვენ. ამას წარმოვადგენთ მსოფლიოსთვის, ყველა ნაკლის მიუხედავად. ეს კვლავ შეგვიძლია, ვიყოთ, როდესაც საუკეთესო მდგომარეობაში ვართ. თუ სახელმწიფო მდივნის პოსტზე სამსახურის პატივი მექნება, ეს არის ის ხედვა, რომელსაც მივყვები."

 

კომენტარები