კორონავირუსი და შეზღუდვები

ცერცვაძე: ყველა შეზღუდვის მოხსნის მოთხოვნა პოპულისტურია, ხშირად, ანგაჟირებულები აქეზებენ

კორონავირუსთან ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის თქმით, შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნა პოპულისტურია. მისივე შეფასებით, საპროტესტო აქციებს ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურად ანგაჟირებული წრეები აქეზებენ.

"ეს საპროტესტო აქციები ალბათ სპონტანურადაც არის, მაგრამ დამეთანხმეთ, რომ ხშირად წაქეზებულია პოლიტიკურად ანგაჟირებული წრეების, ტელევიზიების და ადამიანების მხრიდან. ისინი აკეთებენ პოპულისტურ განცხადებებს, რომ მოიხსნას დაუყოვნებლივ ყველა შეზღუდვა.

კი ბატონო, განცხადების გაკეთება ძალიან იოლია, მაგრამ ყველა შეზღუდვა რომ დაუყოვნებლივ მოიხსნას, მსოფლიოს პრაქტიკით ამას მოჰყვება ეპიდემიის ტალღის ახალი აფეთქება, რომელიც ბუმერანგივით მობრუნდება უკან, დაარტყამს იგივე ადამიანებს, ვინც დღეს აპროტესტებენ ამას და აიძულებს ქვეყანას, იგივე ადამიანებს, ვინც დღეს აპროტესტებენ და ითხოვენ ყველაფრის გახსნას, აიძულებს პანდემია, რომ ხელახლა ჩაიკეტოს". – ამბობს ცერცვაძე პალიტრანიუსის ეთერში.

კორონავირუსთან ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის მტკიცებით, სახელმწიფო ცდილობს, ეს არ დაუშვას.

"ცდილობს, ეტაპობრივად გახსნას ეკონომიკა თუ ყველანაირი ბიზნეს თუ პირადი აქტივობა, რომ ეს მდგომარეობა, რასაც ახლა მივაღწიეთ, შეინარჩუნოს და გააუმჯობესოს". – თქვა ცერცვაძემ.

1-ლი თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით იხსნება სავაჭრო მოლები, თუმცა, ღია რესტორნები მხოლოდ აჭარის რეგიონში. ასევე, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში დახურული რჩება სკოლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. კვლავ ძალაში რჩება კომენდანტის საათი და სამთო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები. ღია და დახურული ბაზრობები მხოლოდ 15 თებერვლიდან დაიწყებენ ფუნქციონირებას. კვლავ აკრძალულია საქალაქთაშორისო გადაადგილება. ამის გამო, რამდენიმე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით.

კომენტარები