თავისუფლების ინსტიტუტი

ხალხი მთავრობის წინააღმდეგ – თავისუფლების ინსტიტუტს საკონსტიტუციოში საერთო სარჩელი შეაქვს

გვანცა კვარაცხელია
ტაბულა

ხალხი მთავრობის წინააღმდეგ – თავისუფლების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სასამართლოში კოლექტიური სარჩელების შეტანას იწყებს. ამის შესახებ ორგანიზაციის იურისტმა, გვანცა კვარაცხელიამ ტაბულასთან ისაუბრა. 

როგორც კვარაცხელია ჩვენთან საუბარში განმარტავს, მთავრობის მიერ ახალი კორონავირუსის გამო დადგენილ შეზღუდვებს არ გააჩნია კონსტიტუციური საკანონმდებლო საფუძველი, რის გამოც, ორგანიზაცია ასაჩივრებს ყველა იმ შეზღუდვას, რომელიც დღეს ქვეყანაში მოქმედებს. 

"საქართველოს მთავრობა არ არის საკანონმდებლო ბაზით შეზღუდული, ამასთან იგი არ ექვემდებარება არც საკანონმდებლო ორგანოს მიერ კონტროლს. ერთადერთი კონსტიტუციური ორგანო, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, რომ თავიანთი უფლებები დაიცვან, დარჩა საკონსტიტუციო სასამართლო. ამდენად, ჩვენ ვადგენთ კოლექტიურ სარჩელებს და მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ დაიცვას ამ ადამიანების მეწარმეობის, საკუთრების უფლება და მათ შორის უნდა გახდეს განჭვრეტადი, თუ როდის შეძლებენ ეს ადამიანები საკუთარი საქმიანობის გაგრძელებას. დღეს არსებული საკანონმდებლო ბაზით ეს განჭვრეტადობა არ არსებობს". – ამბობს გვანცა კვარაცხელია. 

შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან აქცია იმართება, სახელწოდებით #სოცაფეთქება, რომლის ორგანიზატორებიც შეზღუდვებისგან დაზარალებული კომპანიები და სამოქალაქო აქტივისტები არიან, რომლებსაც მხარს უჭერს ოპოზიციური პოლიტიკოსების ნაწილიც. 

 პირველი აქცია 24 იანვარს ჩატარდა, მაშინ მომიტინგეებმა მთავრობას 48-საათიანი ულტიმატუმი წარუდგინეს. ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ კი საკონსტიტუციო სასამართლოში კოლექტიური სარჩელის შეტანა გადაწყვიტეს. 

კომენტარები