არჩევნები 2020

მელია: არ შეიძლება მომწონდეს ადამიანს ნაგავს რომ აყრიან, მაგრამ მესმის მრისხანების

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის ფაქტს ეხმაურება. მელია წერს, რომ არ შეიძლება მოსწონდეს ადამიანისთვის თავზე ნაგვის დაყრა, თუმცა ძალიან კარგად ესმის იმ პოლიტიკოსზე გაბრაზებული ადამიანების მრისხანების.

"არ იყო სასიამოვნო საყურებელი და საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია პროტესტის ასეთი მძაფრი ფორმა, მაგრამ "ხელისუფლებამ" საზოგადოებას თავს ლაფი დაასხა – ხალხს არჩევანი მოპარა, პროტესტის ადრესატმა კი ეს დასხმული ლაფი შეირგო, შეიშრო და იმ თავლაფის დამსხმელ "ხელისუფლებას" გვერდით მიუჯდა.

ასე რომ, არ შეიძლება მომწონდეს ადამიანს ნაგავს რომ აყრიან, ან ნაგავში აგორავებენ, მაგრამ ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების მრისხანების, რომლებიც იმ პოლიტიკოსებზე ბრაზდებიან, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების, ოპოზიციის აბუჩად აგდებას არაფრად აგდებენ.

ძალიან ვცდებით, თუ გვგონია, რომ მხოლოდ ფეისბუკში წერით, ან ტელევიზიებში საუბრით ოდესმე, დიახ ოდესმე, დავამარცხებთ ამ ბოროტებას, რომელსაც ეს მოძალადე, არჩევნების ქურდი ხელისუფლება წარმოადგენს". – წერს მელია.

აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივას წევრებმა, ოპოზიციის საარჩევნო სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარეს. ირაკლი ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას იღებდა ენმ-ძალა ერთობაშიას საარჩევნო სიით. ჩავლეიშვილი ენმ-ძალა ერთობაშიას სიაში რესპუბლიკური პარტიიდან მოხვდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატის მიღების შემდეგ მან დატოვა რესპუბლიკური პარტიაც

მომხდარს გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი. სამადაშვილი წერს, რომ "ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა, ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება". ენმ-ის კიდევ ერთი წევრი, რომან გოცირიძე წერს, რომ ძალადობა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო არის ბოლშევიზმი.

კომენტარები