ყაჩაღობა

შსს: მარნეულში ჯართის მიმღებ პუნქტზე ყაჩაღობის გამო 6 ადამიანი დავაკავეთ და ვამხილეთ

shutterstock

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ყაჩაღობის გამო დაკავებული და მხილებულია 6 ადამიანი - 1997 წელს დაბადებული რ.უ. 1998 წელს დაბადებული რ.ბ. 1999 წელს დაბადებულები ე.გ და ა.შ და 2 000 წელს დაბადებული ი.უ და ე.გ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი ჯართის მიმღები პუნქტის ტერიტორიაზე ვაგონში მყოფ ობიექტის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და იარაღის მუქარით 2 000 ლარს,  ორ ტელეფონს, 2 საათსა და ვერცხლის ყელსაბამს დაეუფლნენ.

"თავდამსხმელებმა დაზარალებულებს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, მეორე ვაგონში გადაიყვანეს და ჩაკეტეს, ის ვაგონი კი, რომელზეც თავდაპირველად განახორციელეს თავდასხმა, ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით დაწვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ყაჩაღობის გზით დაუფლებული მობილური ტელეფონები, დანაშაულის ჩადენის იარაღი და სხვადასხვა ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო". - წერია განცხადებაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის, ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 179-ე, 187-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები