კორონავირუსი და შეზღუდვები

ჯაფარიძე: 24 იანვარს აქციას გავმართავთ, ჩემი და რამდენიმე პოლიტიკოსის იდეაა

გირჩი

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, მისი და რამდენიმე პოლიტიკოსის იდეა არის, რომ 24 იანვარს საპროტესტო აქცია გამართონ და საქართველოში დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტონ.

ჯაფარიძემ ამის შესახებ ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ საზოგადოებას სრულ ინფორმაციას ხვალ შუადღეს მიაწვდიან.

"მარტო ჩემი იდეა არ არის, რამდენიმე პოლიტიკოსის იდეა არის, ხვალ გვინდა კონკრეტული დეტალები გავიაროთ - ტერიტორიულად სად იქნება, დრო რა იქნება და ფორმა როგორი იქნება, მაგრამ, ჯამში, ზეგ ვაპირებთ, რომ საპროტესტო აქცია გავაკეთოთ, ეს საპროტესტო აქცია გათვლილი იქნება რაოდენობაზეც, ჩვენ გვინდა რომ ყველა ის ადამიანი გამოვიდეს, ვინც სამსახური დაკარგა, შემოსავალი დაკარგა, გადაადგილების საშუალება არ აქვს და შეიძლება სამსახური არსებობს, მაგრამ ტრანსპორტი არ არის და ტაქსის ფული არ აქვს, ვისაც თხილამურებზე სრიალის საშუალებას არ აძლევენ. მშობლები, რომლებსაც შვილების დასატოვებელი არ აქვთ, ბაღებსა და სკოლებში ვერ დაჰყავთ, ყველას ხო არ აქვს ძიძის ფული. ამ ყველაფრისგან, ვინც დაიღალა და ვისაც აღარ აქვს შესაძლებლობა რომ ამ სიგიჟეს გაუძლოს, მგონია, რომ ყველა უნდა გამოვიდეს ქუჩაში". - თქვა მან.

ჯაფარიძის თქმით, ისინი არ აპირებენ ტრადიციული საპროტესტო აქციის გამართვას, სადაც პოლიტიკოსები სიტყვით გამოდიან.

"ეს იქნება განსხვავებული, არ იქნება მიტინგი და მიკროფონში პოლიტიკოსების გამოსვლა, პოლიტიკოსები, ვინც მონაწილეობას მიიღებს, ყველა უნდა იყოს რიგითი მოქალაქეების მდგომარეობაში. ფორმა არის მნიშვნელოვანი, რადგან ადამიანებს არ აქვთ გადაადგილების საშუალება, რომ მოუწოდო რუსთაველზე ან თავისუფლების მოედნისკენ გამოსვლისკენ, ტრანსპორტი არ არის და ყველას ტაქსის ფული არ აქვს. ხვალ დილით ამაზე დავილაპარაკებთ და შუადღისკენ დავაანონსებთ". - თქვა მან.

გუშინ, 22 იანვარს, კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება გასააჯაროვა.

სავაჭრო ცენტრები და ობიექტები ყველა რეგიონში იხსნება, რამდენიმე ქალაქში კი, სკოლების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაც აღდგება. ეს არ შეეხება თბილისს, რუსთავს და ქუთაისს.

სრულად, რა იხსნება და რა არა 1-ელი თებერვლიდან წაიკითხეთ აქ.

კომენტარები