კორონავირუსი საქართველოში

ჯაფარიძე: გამყრელიძე, ცერცვაძე და იმნაძე 200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა

ტაბულა

გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პალიტრანიუსის ეთერში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების პირველ მარტამდე გახანგრძლივებაზე ისაუბრა. ჯაფარიძის თქმით, საქართველოს შემოსავლის მქონე ქვეყნისთვის ჩაკეტვა გაუმართლებელია. 

"ჩვენ ვედრებით ქვეყნებს, სადაც ადამიანებს დანაზოგი აქვთ და შეუძლიათ, რომ ერთი წელი იცხოვრონ. ჩვენთან ხალხი შიმშილით იხოცება. ვისაც არ უნდა, ნუ გამოვა სახლიდან. ვის ვედრებით, საფრანგეთს? მდიდარ ქვეყნებს ვერ შევედრებით. ისინიც იდიოტები არიან, მაგაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ იქ სწორს აკეთებენ. იქაც არასწორს აკეთებენ, მაგრამ ვის ვედრებით? მდიდარ ქვეყნებს, სადაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 40-50 ათასი დოლარია? და ამ დროს ჩვენთან 4 000 დოლარია, ჩვენ სიღარიბეში ვიხრჩობით ისედაც".- ამბობს ჯაფარიძე. 

ჯაფარიძის თქმით, დაავადების გავრცელების სტატისტიკა მანიპულირებადია და არჩევნებამდე იგივე ექიმები, რომლებიც დღეს მკაცრ შეზღუდვებს ემხრობიან, ამბობდნენ, რომ ქვეყანაში არანაირი პრობლემა არ არსებობს. "200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე და იმნაძე. უნდა უთხრა, იჯექი სახლში, არ გამოხვიდე და მაქედან მომეცი რეკომენდაციებიო. ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ".- თქვა ჯაფარიძემ. 

პოლიტიკოსის თქმით, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ საავადმყოფოებში ის ადამიანები ხვდებიან, რომელთაც ჰოსპიტალური მკურნალობა რეალურად არ სჭირდებათ და ამ წესის დაცვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რომ ჰოსპიტალური სექტორი არ გადაიტვირთოს. 

კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება დღეს, 22 იანვარს მიიღო. სავაჭრო ცენტრები და ობიექტები ყველა რეგიონში იხსნება, რამდენიმე ქალაქში კი, სკოლების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაც აღდგება. ეს არ შეეხება თბილისს, რუსთავს და ქუთაისს.

კონკრეტულად:

  • 1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნება. თუმცა, ვიცეპრემიერის თქმით, იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები იხსნება, შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ;
  • თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში აღდგება სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ტრანსპორტის და სკოლების გახსნა პირველ მარტამდე არ იგეგმება;
  • პირველი თებერვლიდან, იხსნება შეზღუდვა რეგულარულ ფრენებზე. რეისების შესრულება ყველა ავიაკომპანიას შეეძლება, თუმცა, "გარკვეული სიხშირეებით";
  • ღია და დახურული ბაზრობები საქართველოს ყველა ქალაქში 15 თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას.
  • 1-ელ მარტამდე, კომენდანტის საათი მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ 21:00-დან 05:00-მდე იმოქმედებს;
  • საბავშვო ბაღების, პროფსასწავლებლების და უნივერსიტეტების გახსნა პირველი მარტიდან იგეგმება.
  • ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებსა და საქალაქთშორისო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები;
  • შეზღუდული რჩება ქორწილები ან სხვა დიდი წვეულებების გადახდა/აღნიშვნა;
  • სავალდებულო რჩება პირბადის ტარება როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებში;

კომენტარები