ირანი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, რუსეთს, თურქეთს ეწვევა

მუჰამედ ჯავად ზარიფი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი კავკასიის რეგიონის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტების გამართვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

ზარიფი გეგმავს ეწვიოს საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ასევე დაგეგმილია ვიზიტები თურქეთსა და რუსეთში.

ირანული მედიის მიხედვით, ვიზიტები გაიმართება იმ ქვეყნებში, რომლებსაც მთიანი ყარაბაღის კრიზისის გადაჭრაში მონაწილეობა შეუძლიათ.

"ვგეგმავ გავემგზავრო იმ ქვეყნებში, რომლებსაც შეუძლიათ ერთად მუშაობა მთიანი ყარაბაღის კრიზისის გადაჭრაში დახმარებისათვის და რეგიონში მშვიდი და სტაბილური სიტუაციის შექმნისათვის". – თქვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან თქვა, რომ აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში ვიზიტების დრო უკვე შეთანხმებულია და კორონავირუსის ტესტის პასუხებს ელოდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ზარიფის ვიზიტის თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

უკვე გაიმართა სატელეფონო საუბარი ზარიფსა და მის თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შორის. მათ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას ინფორმაციით, ზარიფი მოსკოვს 26 იანვარს ეწვევა და სერგეი ლავროვს შეხვდება. მისი თქმით, მთიანი ყარაბაღის გარდა განიხილავენ სირიის, ავღანეთის, სპარსეთის ყურის და ირანის ბირთვული შეთანხმების საკითხებს.

კომენტარები