იტალია

იტალიის სენატი ჯუზეპე კონტეს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას უყრის კენჭს

ჯუზეპე კონტე

იტალიის სენატი პრემიერმინისტრ ჯუზეპე კონტეს უმცირესობის მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადებას უყრის კენჭს.

კენჭისყრა უკვე გაიმართა პარლამენტის ქვედა პალატაში, სადაც კონტეს მთავრობას მხარი 321-მა დეპუტატმა დაუჭირა, უნდობლობის გამოცხადების მომხრე იყო 259.

სამთავრობო კოალიციიდან ყოფილი პრემიერმინისტრის, მატეო რენცის Italia Viva-ს გასვლის შემდეგ სენატში მას უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვება გაუჭირდება. ქვედა პალატაში კონტეს მთავრობის კოალიციურ პარტნორებს, 5 ვარსკვლავის მოძრაობას და დემოკრატიულ პარტიას უმრავლესობა აქვთ, თუმცა სენატში მათ 15 ხმა აკლდებათ. რენცის განცხადების მიხედვით, მისი პარტია კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

თუ საკმარის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, კონტე იძულებული იქნება, თანამდებობიდან გადადგეს. თუ პარლამენტში მყოფი პარტიები ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე ვერ შეთანხმდებიან, დაინიშნება ვადამდელი არჩევნები.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონტეს უმცირესობის მთავრობა სენატის მხარდაჭერასაც მოიპოვებს, საკამათო კანონებზე პარლამენტის მხარდაჭერის მოპოვება კოალიციის დაშლის გამო მათთვის მომავალში უფრო გართულდება.

რენცის პარტიამ კოალიცია კორონავირუსის და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავების სტრატეგიებზე უთანხმოების გამო დატოვა. რენცის თქმით, კონტემ პანდემია ძალაუფლების ცენტრალიზებისათვის გამოიყენა და არ აკეთებს საკმარისს განათლების, ინფრასტრუქტურის და კორონავისურთან გამკლავების თვალსაზრისით. მისი პარტია ეწინააღმდეგება კონტეს მთავრობის გეგმას ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 209 მილიარდი ევროს დახარჯვის თაობაზე.

მატეო რენცის პარტიასთან კოალიციის ჩამოყალიბებამდე, 2018 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი სამთავრობო კოალიცია, რომელსაც სათავეში ჯუზეპე კონტე ჩაუდგა, შედგა 5 ვარსკვლავის მოძრაობასა და ჩრდილოეთის ლიგას შორის. ევროკომისიის პრეზიდენტისა და ინფრასტრუქტურული პროექტების საკითხებზე უთანხმოების შედეგად ეს კოალიცია 2019 წელს დაიშალა. ამის შემდეგ 5 ვარსკვლავის მოძრაობამ კოალიცია შექმნა დემოკრატიულ პარტიასთან. მალევე რენციმ დემოკრატიული პარტია დატოვა და Italia Viva ჩამოაყალიბა.

კომენტარები