აშშ-მექსიკა

მექსიკა აშშ-ს საიმიგრაციო პოლიტიკის რეფორმას სთხოვს

მიგრანტების ქარავანმა გვატემალაში გზა გადაკეტა
EPA

მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი აშშ-სგან საიმიგრაციო პოლიტიკის რეფორმას ითხოვს. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მექსიკასა და სხვა ქვეყნებთან იმიგრაციის პრობლემებზე მუშაობას დათანხმდება.

"ვფიქრობ, საიმიგრაციო რეფორმის ვალდებულების შესრულების დროა. ამის იმედი გვაქვს. ჯო ბაიდენმა კამპანიის დროს  წარადგინა საიმიგრაციო რეფორმის დასრულების შეთავაზება და იმედი მაქვს, ის ამას შეძლებს" - თქვა მექსიკის პრეზიდენტმა.

პარალელურად დაახლოებით 7000 მიგრანტი, რომლებიც ძირითადად ჰონდურასიდან არიან, გვატემალაში ჩავიდა. მათი მიზანია, მექსიკის გავლით აშშ-ს მიაღწიონ. ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის თქმით, მისი მთავრობა ეცდება, მიგრანტებს მექსიკაში გადასვლა გადააფიქრებინონ, თუმცა აღნიშნა, რომ ყველა მიგრანტის უფლებები დაცული უნდა იყოს.

ყოველწლიურად ათასობით მიგრანტი ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან აშშ-ში ჩასვლას ცდილობს. მიგრანტების თქმით, მათ სიღარიბის, ძალადობისა და დევნისგან თავის დაღწევა სურთ. 

ორშაბათს გვატემალაში პოლიციამ დაშალა მიგრანტების ქარავანი, რომელიც სოფელ ვადო ჰონდოსთან იყო დაბანაკებული. 

ჟურნალისტებთან საუბრისას გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პედრო ბრულომ, ჰონდურასის მთავრობას სთხოვა, უზრუნველყოს მიგრანტების უსაფრთხო დაბრუნება.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა ჰქონდა. ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა შეიცვლებოდა. თუმცა მისი ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ მდგომარეობა სწრაფად ვერ შეიცვლება და ურჩევს ადამიანებს, თავი შეიკავონ ქარავნებით აშშ-ს საზღვრამდე ჩასვლის მცდელობისგან.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა NBC News-ს უთხრა, რომ მიგრანტებმა, რომლებიც აშშ-ში თავშესაფრის მიღებას ცდილობენ, უნდა გააცნობიერონ, რომ აშშ-ში ჩასვლას დაუყოვნებლივ ვერ შეძლებენ. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ ლეგალურ მიგრანტებს, რომლებიც უკვე აშშ-ში არიან და არა იმათ, ვინც ამჟამად ცდილობს ქვეყანაში ჩასვლას . 

კომენტარები