კრიმინალი

შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც 2020 წელს ერთ ადამიანს მანქანით შეეჯახა, მეორე კი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების გამო ძებნილი - 1988 წელს დაბადებული გ.ი. დააკავეს. 

შსს-ს ცნობით, ის, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მიზნით, სოფელ ვარდისუბანში 1976 წელს დაბადებულ ლ.კ.-ს მანქანით შეეჯახა, 1984 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს კი ცივი იარაღით მიაყენა დაზიანება. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა დანაშაული 2020 წლის ნოემბერში ჩაიდინა.

"სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი ძებნილი გ.ი. რამდენიმეთვიანი ინტენსიური საგამოძიებო, ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, კახეთის რეგიონში, ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულის სახით დააკავეს". - წერია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები